ზლატანთან ახლოს - მოდრიჩის მორიგი მიღწევა
იტალიის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ ფავორიტს „მილანს“ სტუმრად გათამაშების აუტსაიდერ „პიზასთან“ გამარჯვება საკმაოდ გაუჭირდა და როდესაც როსონერი ქულების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო, გუნდს მხსნელად 85-ე წუთზე ლუკა მოდრიჩი მოევლინა, რომელმაც 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ეს გამარჯვება შავ-წითლებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ლიდერ „ინტერთან“ ქულათა სხვაობა 5-მდე შეამცირეს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში რჩებიან.
ვეტერანმა ხორვატმა ნახევარმცველმა ამის გაკეთება 40 წლისა 157 დღის ასაკში მოახერხა და გახდა „მილანის“ ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც ბურთის გატანა მოახერხა. მოდრიჩზე წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩი (41 წლის და 166 დღის) და ალესანდრო კოსტაკურტა (41 წლის და 25 დღის) არიან. აქვე გეტყვით, რომ 24 ტურში როსონერის მიერ დაგროვებული 53 ქულა კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი გუნდს 2003-2004 წლების სეზონში (61 ქულა) კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ასპარეზობისას ჰქონდა და მაშინ საბოლოოდ სკუდეტოც მოიგო.
ცნობისათვის, „მილანს“ იტალიის ჩემპიონატში 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - როსონერი წლევანდელ სერია A-ში მხოლოდ ერთხელ, პირველ ტურში „კრემონეზესთან“ დამარცხდა და მას შემდეგ მასიმილიანო ალეგრის მომზადებული გუნდის ძლევას ვერავინ ახერხებს.