ლოჩოშვილი დაცვაში საიმედო იყო | ნიურნბერგმა კარლსრუე გაანადგურა
მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „კარლსრუეს“ უმასპინძლა და 5:1 მოიგო. ქართველი მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ანგარიში 25-ე წუთზე იულიან იუსტვანმა გახსნა, სამ წუთში კი უძლიერესი დარტყმით დუბლი გაიფორმა. 41-ე წუთზე მოჰამედ ალი ზომამ კიდევ ერთი გაიტანა და შესვენებაზე „ნიურნბერგი“ სამგოლიანი უპირატესობით გავიდა.
51-ე წუთზე დუბლი უკვე კოტდივუარელმა ზომამაც გაიფორმა. მალევე მარვინ ვანიცეკმა პენალტით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 65-ე წუთზე მოჰამედ ალი ზომამ მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, მან Sofascore-ისგან 8.0-იანი შეფასება დაიმსახურა. ქართველი მცველის სტატისტიკა ასეთი იყო: 72 შეხება ბურთთან, 2 ჩაჭრა, 3 ამოტანილი ბურთი, 7-დან 7 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 57-დან 53 ზუსტი პასი (93%) და 6-დან 5 ზუსტი გრძელი პასი. ლუკამ 5-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.
22 მატჩის შემდეგ „ნიურნბერგი“ 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ლოჩოშვილის გუნდი 20 თებერვალს, სტუმრად, „ბოხუმის“ წინააღმდეგ გამართავს.