181-ე სამმაგი დუბლი | იოკიჩი რობერტსონს დაეწია
ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „დენვერ ნაგეთსი“ „ნიუ იორკ ნიქსთან“ ოვერტაიმში დამარცხდა (127:134), „დენვერის“ სერბმა ცენტრმა, ნიკოლა იოკიჩმა კი მიმდინარე სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი გაიფორმა.
იოკიჩმა 30 ქულას, 14 მოხსნასა და 10 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, რაც მისთვის NBA-ში 181-ე სამმაგი დუბლი გახდა. ამ მაჩვენებლით სერბი კალათბურთელი ოსკარ რობერტსონს დაეწია და მასთან ყველა დროის მეორე ადგილს იყოფს. 207 სამმაგი დუბლით პირველ ადგილზე რასელ უესტბრუქია, რომელიც „საკრამენტოში“ თავისი კარიერის მე-18 სეზონს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის იოკიჩი „დენვერის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 2023 წელს ჩემპიონიც გახდა. სერბი 2021, 2022 და 2024 წლებში სეზონის MVP-დ, ხოლო 2023 წელს ფინალების MVP-დ დასახელდა.