მარცხი დამატებით ტაიმებში - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის შტურმი თასიდან გავარდა
ავსტრიის თასის 1/4 ფინალში, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმი“ სტუმრად „ალტახს“ დაუპირისპირდა და დამატებით ტაიმებში 3:1 დამარცხდა.
ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგნელობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, მამაგეიშვილს კი სამწუხაროდ, თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.
დღევანდელ მატჩში ოთარ კიტეიშვილი კაპიტნის სამკლავურით გამოჩნდა, თუმცა, კაპიტნობა როგორც მისთვის, ისე გუნდისთვის უიღბლო აღმოჩნდა. 52-ე წუთზე ქართველ ნახევარმცველს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი გრეილმა შეასრულა, თუმცა „შტურმის“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვლავ გრეილმა იყოჩაღა და „ალტახი“ დააწინაურა. 71-ე წუთზე კაიომბომ ანგარიში გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი გრაცელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მთავარმა მსაჯმა „შტურმის“ მცველს, ოერმანს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და შესაბამისად, მოედნიდან გააძევა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 მორჩა, დამატებით ტაიმებში კი უფრო ძლიერი მასპინძლები აღმოჩნდნენ. 102-ე წუთზე ჰრსტიჩმა „ალტახი“ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 105-ე წუთზე გრეილმა დააფიქსირა.
შესაბამისად, „შტურმი“ გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. გრაცელები ავსტრიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ „ზალცბურგს“ 4 ქულით ჩამორჩებიან, მეორეადგილოსან ლასკ-ს კი 1 ქულით. „შტურმი“ მომედვნო შეხვედრას 8 თებერვალს, ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე „რიედის“ წინააღმდეგ გამართავს.