შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ბასკონიას მოუგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში „ბასკონიას“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგე 4-ქულიანი სხვაობით, 89:85 დაამარცხა. ისევე როგორც წლევანდელ სეზონში ჩატარებული შეხვედრების უმეტესობაში, გიორგი შერმადინი კანარის კუნძულების კლუბის რიგებში ამჯერადაც უმაღლეს დონეზე გამოიყურებოდა და დაგროვებული ქულების რაოდენობით თანაგუნდელებს შორის მხოლოდ მარსელინიო უერტასს (23) ჩამორჩა.
36 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 14 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა ექვსიდან ოთხი ორქულიანი და რვიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. სამივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
11 მოგებითა და 7 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად „გრან კანარიას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.