„ზურიკოს თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ | ყოფილმა მწვრთნელმა დავითაშვილი შეაქო
ზურიკო დავითაშვილის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გუიონმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. გუიონმა დავითაშვილის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ მას მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
„კლერმონთან გამართული ორი შეხვედრის გარდა, რომლებშიც ის ტრავმირებული იყო, და ტრუასთან მატჩის გარდა, რომელშიც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, დავითაშვილმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ზუკამ რვა გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. რა თქმა უნდა, სენტ-ეტიენშიც ყველაზე მეტი გოლი სწორედ მას აქვს გატანილი.
ვხედავ, რომ შედეგიანობის მხრივ მას პროგრესი აქვს. ვფიქრობ, კარგად შეეფერება ის გარემო, რომელშიც იმყოფება. ზუკა გულუხვი ადამიანია და არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს თანაგუნდელებისთვის მისაბაძი მაგალითი. ეს გამოცდილება ჩემს ბორდოშიც ჰქონდა. მან იცის, რამდენად რთული დავალება აქვს შესასრულებელი და იცის, როგორ უნდა გაართვას მას თავი, რადგან ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ.
დავითაშვილი სენტ-ეტიენის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს და გუნდს მეტი გამარჯვება მოუტანოს. ზურიკო ამას აკეთებს, თუმცა უფრო სტაბილური უნდა იყოს. აშკარად ჩანს, რომ მას აქვს ნიჭი, რომლის დახმარებითაც შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. ეს განსაკუთრებით ბულონთან, მონპელიესთან და ბასტიასთან მატჩებში ვნახეთ. ზურიკო ამ გუნდის ლიდერი უნდა იყოს. მას ეს გზა უკვე გავლილი აქვს და იცის, რომ ყველაფერს პატარა დეტალები წყვეტს. მან გუნდს ხასიათი და გამოცდილება უნდა შემატოს.“
ცნობისთვის, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილს რვა გოლი აქვს გატანილი. მის გუნდს 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.