„მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ...“ - ხორვატები საქართველოსთან მატჩზე
ლატვიაში მიმდინარე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ხორვატიას ფრედ, 2:2 ეთამაშა.
შეხვედრის მთავარი გმირი ჩვენი გუნდის მეკარე, ალი ასლანი გახდა, რომელმაც 33 მოგერიება შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადაეცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარინკო მავროვიჩმა და ფეხბურთელმა, დავიდ მატაიამ განვლილი მატჩი შეაფასეს და ალი ასლანიც შეაქეს.
მარინკო მავროვიჩი (მთავარი მწვრთნელი):
„40 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით. საქართველოს ნაკრების მეკარემ 20 აშკარა საგოლე მომენტი მოიგერია. კარში 60-ჯერ დავარტყით, ბოლოს კი პენალტის გატანის შანსიც გვქონდა, თუმცა მისი რეალიზება ვერ შევძელით.“
„ლატვიის წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას შევძლებთ და მეოთხედფინალში გავალთ.“
დავიდ მატაია:
„უკმაყოფილო ვარ. ამ მატჩზე საუბარი ჯერ კიდევ რთულია. ვფიქრობ, 10-15 რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, საქართველომ კი ორი-სამი დარტყმიდან გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე კარში ერთი ზუსტი დარტყმაც არ ჰქონიათ, თუმცა ანგარიშში მაინც დაწინაურდნენ.“
„თამაშს 40 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით, თუმცა საჭირო გოლების გატანა ვერ შევძელით. წინ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა მოვიგოთ და მეოთხედფინალში გავალთ.“
2 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 1 ქულით ბოლო, მე-4 ადგილზე იმყოფება, ხორვატები კი 2 ქულით მე-2 პოზიციაზე არიან, და ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 28 იანვარს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.