იბერიასთან კონტრაქტი დაუსრულდა | საბა გეგუჩაძე თავისუფალი აგენტია
კრისტალსპორტის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელმა საბა გეგუჩაძემ იბერია 1999 დატოვა. ახალგაზრდა ნახევარმცველს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ნიჭიერი მოთამაშე, რომელსაც როგორც ასაკობრივ ნაკრებებში, ისე უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ქართული კლუბებისთვის საინტერესო კადრს წარმოადგენს.
გეგუჩაძე იბერიას აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში მისი დებიუტი 2024 წელს შედგა, გასულ სეზონში კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მთავარი გუნდის პარალელურად, ნახევარმცველი იბერია 2-ის ღირსებასაც იცავდა, სადაც 2025 წლის სეზონში, რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საბას საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ვასილ მაისურაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის მწვრთნელობისას 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი იყო, აღნიშნულ ასაკობრივ ნაკრებში საერთო ჯამში 22 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.