„მოსამატებელი გვაქვს, წინ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩებია“ - ენრიკე
„ოსერთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს შეტევის დასკვნით ფაზაში თავდაჯერებულობა აკლდა, რაც ნაწილობრივ „სპორტინგთან“ წაგებული მატჩით არის გამოწვეული.
რა თქვა ენრიკემ:
„მნიშვნელოვანი მატჩი იყო, ვინაიდან სამი დღის წინ პორტუგალიაში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ - მთავარია, რომ „ლანსზე“ ზეწოლას ვახორციელებთ. რთული იყო, შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში თავდაჯერებულობა და სიზუსტე გვაკლდა, რამაც საქმე გაგვირთულა.
როდესაც მეტოქეზე უკეთ თამაშობ, მაგრამ ვერ იგებ, ეს შენს თავდაჯერებულობაზე უარყოფითად მოქმედებს. პირველ 15 წუთში არაერთი მომენტი გვქონდა, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ, „ოსერი“ თავს კარგად იცავდა, შემდეგ კი მატჩზე კონტროლი დავკარგეთ. მოსამატებელი გვაქვს, ვინაიდან წინ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები გველის.
ბარკოლა დღეს ძალიან კარგი იყო, მომენტებს ქმნიდა და მეტი გოლის გატანა შეეძლო. დღესაც რომ ისევე არ გაგვმართლებოდა, როგორც პორტუგალიაში, ამ მატჩსაც წავაგებდით. ფეხბურთელები რობოტები არ არიან, დღეს პასების დროს სიზუსტე გვაკლდა, რაც გამოსწორებადია. თავდაჯერებულობას ვერ იყიდი, ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა შეტევებს გოლით ასრულებ.
„ნიუკასლთან“ მატჩი? ჩემს გუნდს მნიშვნელოვანი მატჩების გამოცდილება აქვს, რაც მიმდინარე და წინა სეზონში არაერთხელ ვაჩვენეთ. მშვიდად ვარ: „პარკ დე პრენსზე“ კარგ მატჩს ჩავატარებთ, დომინირება და გამარჯვება გვსურს“.
ცნობისთვის, ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ-მა „ოსერს“ სტუმრად ბრედლი ბარკოლას გოლით მოუგო და 45 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა „ლანსი“, რომელსაც 43 ქულა აქვს, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი მომდევნო მატჩს 28 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე, თბილისის დროით 23:55 საათზე „ნიუკასლის“ წინააღმდეგ გამართავს.