„ხედავს, რა დონეზე ვარ“ | ცარუკიანი ხაბიბის სიტყვებზე, რომ ილიას დაამარცხებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, Complex News-ს ინტერვიუ მისცა. ცარუკიანს ილია თოფურიაზე ჰკითხეს და ხაბიბ ნურმაგომედოვის პროგნოზი გაახსენეს, რომელმაც ივარაუდა, რომ ცარუკიანი „ელ მატადორს“ დაამარცხებს.
„ხაბიბი UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ბევრი რამ სხვებზე უკეთ გაეგება. ხაბიბი ერთადერთი არ არის — უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ილიას დამარცხება შემიძლია. ნურმაგომედოვი მოჭიდავეა და ხედავს, რა დონეზეც ვარ. სწორედ ამიტომ თქვა, რომ შემიძლია, ილიას ჭიდაობაში ძალიან მარტივად ვაჯობო.“
„არწივმა“ თოფურიასა და ცარუკიანის პოტენციურ დაპირისპირებაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. მისი თქმით, არმანს „ელ მატადორის“ ჩხუბების ვიდეოანალიზი ძალიან დაეხმარება და მისი საბრძოლო სტილი თოფურიასთვის უაღრესად პრობლემურია. ხაბიბმა დასძინა, რომ ილიას არმანთან შანსიც კი არ აქვს.
ცნობისთვის, ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერთან გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. არმანი ლას ვეგასში იმყოფება, სადაც 25 იანვარს პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი გაიმართება. ისინი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ქამრის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.