„ზედიზედ ორჯერ მერაბთან ჩხუბი შეცდომა იყო“ - შონ ომალი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, შონ ომალიმ Paramount-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი მარცხისა და ტიტულის დაკარგვის შემდეგ ისევ „მანქანასთან“ ჩხუბი მისი მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება იყო.
რა თქვა ომალიმ:
„ხომ არ სჯობდა მერაბთან პირველი მარცხის შემდეგ სონგ იადონგთან მეჩხუბა? ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ოპერაცია მქონდა დაგეგმილი და ვიფიქრე, რომ მერაბს მოვუგებდი, შემდეგ ოპერაციას გავიკეთებდი და დავისვენებდი. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - წავაგე, ოპერაცია გავიკეთე და დაბრუნება მინდოდა.
როცა იანვარში მერაბმა უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, მე ფიზიოთერაპიას გავდიოდი. მწვრთნელებიც კი მეუბნებოდნენ, რომ მეტი დრო მჭირდებოდა - თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მებრძოლი იღებს, მე კი ძალიან მინდოდა დაბრუნება. დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო“.
ცნობისთვის, შონ ომალი მერაბ დვალიშვილთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ოქტაგონში UFC 324-ზე დაბრუნდება. მისი და სონგ იადონგის ჩხუბი ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება.