ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა.
რიგაში გამგზავრებამდე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ნაკრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გუნდს წარმატებები უსურვა.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „გვიხარია და ვამაყობთ, რომ ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. იმედიანად ვართ და გვჯერა, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ახლაც წარმატებით ვიასპარეზებთ. ძალიან კარგი და მოტივირებული გუნდი გვყავს. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ მივულოცო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და წარმატებები ვუსურვო“.
ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ვფიქრობ, მზად ვართ ევროპის ჩემპიონატისთვის. თბილისში დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ ლატვიაში გავემგზავრებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც ასეთ დროს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს. მჯერა, რომ ყველას შეგვიძლია მინიმუმ ის წარმატება გავიმეოროთ, რაც წინა ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. ყველას ვპირდებით თავდადებას. ვამაყობთ იმით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას ასეთ მაღალ დონეზე, რასაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია“.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე 18 იანვარს გაემგზავრება. 19 იანვარს კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.
ფუტსალის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
ევრო 2026 | ჯგუფური ეტაპის კალენდარი
21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
წყარო - Nakrebi.ge