მამუს 13-ქულიანი დაბრუნება - ტორონტო კლიპერსთან დამარცხდა
ტრავმით გამოწვეული ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი პარკეტს შედეგიანი თამაშით დაუბრუნდა. “ტორონტომ” ბოლო ოთხი შეხვედრიდან ოვერტაიმი მეორედ ითამაშა და თუ 12 იანვარს “ფილადელფია” დაამარცხა, ამჯერად საკუთარ დარბაზში “კლიპერსთან” 4-ქულიანი სხვაობით, 117:121 წააგო.
სანდრო მამუკელაშვილს მატჩი სასტარტოში არ დაუწყია, თუმცა 22 წუთი იასპარეზა და როგორც ოთხივე მეოთხედში, ასევე ოვერტაიმში გარკვეული დრო მიიღო. მის ანგარიშზე 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი იყო. მამუკელაშვილმა როგორც საშუალო დისტანციიდან (ექვსიდან ექვსი), ასევე საჯარიმოს ხაზიდან (ერთიდან ერთი) ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, პერიმეტრიდან ჩაგდების სამივე მცდელობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა. სანდრომ თითო-თითო მოხსნა დაცვასა და თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.
25 მოგებითა და 18 წაგებით “ტორონტო” აღმოსავლეთ დივიზიონის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში “ლეიკერსს” შეხვდებიან და თამაში 19 იანვარს, თბილისის დროით 06:30 წუთზე დაიწყება.