„ბუნებით კაპიტანია“ - არბელოა ვინისიუსით აღფრთოვანებულია
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალმა“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და ლიდერებს დასვენების საშუალება მიეცათ. თუმცა, ძირითადში იყო და სრულად იასპარეზა ვინისიუსმა, რაც როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავად ბრაზილიელი ფეხბურთელის სურვილი იყო. ამის თაობაზე სამეფო კლუბის დამრიგებელმა ალვარო არბელოამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა და ჟუნიორზე ვრცლად ისაუბრა.
ალვარო არბელოა
ჩემთვის მთავარი პოზიტივი ის იყო, რომ „ბარსელონასთან“ ჩატარებული მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ, თავად ვინის ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი რომ „ალბასეტესთან“ სრულად ეთამაშა. ის მზად იყო გუნდს დახმარებოდა, საკუთარ თავზე აეღო თამაში და პასუხისმგებლობას არ გაურბოდა. პირადად მე სწორედ ასეთ ვინისიუსს ველი, რომელსაც პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია, მშვიდია და გაწონასწორებული. მას ექნება ნათელი და ნაკლებად ნათელი დღეები, მაგრამ ის საკუთარი საქმის ერთგული და ბუნებით კაპიტანია. გვჭირდება ვინისიუს ჟუნიორის საუკეთესო ვერსია საიმისოდ, რომ „რეალმა“ ტიტულები მოიგოს.
„ალბასეტესთან“ (2:3) წაგებულ მატჩში ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც ბოლო 18 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კი მის ანგარიშზე 19 თამაშში 5 გოლი და 5 საგოლე პასია.