მანეს გოლი და ბონოს გმირობა | აფრიკის თასის ფინალში სენეგალი და მაროკო ითამაშებენ
აფრიკის თასის ფინალში სენეგალისა და მაროკოს დაპირისპირებას ვიხილავთ. სენეგალმა ნახევარფინალში სადიო მანეს გოლით ეგვიპტეს მოუგო, ხოლო მაროკოსა და ნიგერიის მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 11-მეტრიანების სერიაში კი ვალიდ რეგრაგის გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.
ნაკრებთან ტიტულის მოგების მორიგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან მოჰამედ სალაჰმა, რომლის ეგვიპტეც შეტევაში სუსტად გამოიყურებოდა - კარში დარტყმების მხრივ სენეგალის უპირატესობა 12:3-ზე იყო. ბოლო 6 მატჩში სენეგალმა ეგვიპტეს 5-ჯერ მოუგო, მათ შორის იყო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის გადამწყვეტი შეხვედრა და 2022 წლის აფრიკის თასის ფინალი.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უჩვეულო მოგერიება იასინ ბონომ შემოგვთავაზა და ვიქტორ ოსიმენის გუნდს ფინალში გასვლის საშუალება არ მისცა. მაროკოს ნაკრების წაუგებელი სერია 23 მატჩამდე გაგრძელდა. აფრიკის თასზე მათ მალისთან ფრედ დასრულებელი მატჩის გარდა ყველა შეხვედრა მოიგეს.
ბოლოს მაროკომ აფრიკის თასი 1976 წელს მოიგო, ფინალში კი 2004 წლის შემდეგ არ უთამაშია. სენეგალი-მაროკოს მატჩი 18 იანვარს გაიმართება, მესამე ადგილისთვის მატჩში კი 17 იანვარს ერთმანეთს ნიგერია და ეგვიპტე დაუპირისპირდებიან.