ისრაელ ადესანია
Aa
Aa

დენა უაითმა დაადასტურა - ადესანია ბრუნდება

29 მარტს სიეტლში დაგეგმილი UFC-ის ღონისძიების მთავარი ბრძოლა ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მებრძოლის, ისრაელ ადესანიას მონაწილეობით გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა გაავრცელა.

საშუალო წონის ყოფილ ჩემპიონს ოქტაგონზე ჯო პაიფერი დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე ადესანია საკუთარი წონის კატეგორიის რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, მაშინ როცა პაიფერი ტოპ 15-ს ბოლო საფეხურზე, მე-15 ადგილზეა. ამერიკელ მებრძოლს სპეციალისტები UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფიგურად მიიჩნევენ.

36 წლის ნიგერიელი ვარსკვლავი მომავალი ბრძოლის წინ რთულ პერიოდს გადის – მას ზედიზედ სამი მარცხი აქვს. ბოლო შეხვედრაში ადესანიამ ნასურდინ იმავოვთან ნოკაუტით წააგო, რაც 2025 წლის თებერვალში მოხდა. პაიფერი კი პირიქით, კარგ ფორმაშია და სამმატჩიანი გამარჯვებების სერიით ხვდება ამ დაპირისპირებას.

ცნობისთვის, სიეტლის ტურნირის თანამთავარ ბრძოლაში ქალთა უმსუბუქესი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსა გრასო ოქტაგონზე დივიზიონის მეხუთე ნომერს, მეისი ბარბერს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ადესანია UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონი ორჯერ გახდა. პირველად ტიტული 2019 წელს მოიპოვა, როდესაც რობერტ უიტაკერი ნოკაუტით დაამარცხა და შემდეგ ქამარი წარმატებით ხუთჯერ დაიცვა, რაც დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

2023 წელს ადესანიამ ქამარი მეორედ დაიბრუნა, როდესაც ალექს პერეირა ნოკაუტით დაამარცხა და რევანში აიღო წინა მარცხისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ შეშინდე, ბევრს არ გაწვალებ“ - ჩიმაევის გამოწვევა პერეირას
„არ შეშინდე, ბევრს არ გაწვალებ“ - ჩიმაევის გამოწვევა პერეირას