„ალბათ, თვითონვე ფიქრობდნენ, რომ შესაბამისი დონე არ ჰქონდათ“ - ბელარუსის მწვრთნელი საქართველოზე
ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ გონჩარენკომ, თავისი გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაკრებს მაღალი მიღწევებისთვის ბრძოლა შეუძლია. გონჩარენკომ მაგალითად საქართველოს ნაკრები მოიყვანა და აღნიშნა, რომ საქართველოს, ხვიჩა კვარაცხელიას გამოკლებით, ბევრ პოზიციაზე პრობლემა აქვს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მაინც მოახერხა.
რას ამბობს გონჩარენკო:
„თუ შევხედავთ, რომელი ნაკრებები გადიან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ვნახავთ ისლანდიას, უელსს, ჩრდილოეთ ირლანდიას, ლატვიას, საქართველოს... ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამ ქვეყნებში, ალბათ, გულის სიღრმეში ყველა ფიქრობდა, რომ შესაბამისი დონე არ ჰქონდათ და მოთამაშეები არ ჰყოფნიდათ... ავიღოთ თუნდაც საქართველო. გასაგებია, მათ ჰყავთ ხვიჩა, მაგრამ თუ შევხედავთ, როგორი მცველები თამაშობდნენ იქ, დონესთან დაკავშირებით შეიძლება ბევრი პრეტენზია გაგიჩნდეს“.
„ჩვენი შანსი უნდა ვეძებოთ და ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებისთვის. ადრე თუ გვიან, შედეგი აუცილებლად დადგება. შეუძლებელია, ამდენჯერ სცადო და არაფერი გამოგივიდეს. შეიძლება ეს მაშინ მოხდეს, როცა მე და ვლადიმიროვიჩი ვიქნებით ნაკრებში, შეიძლება — სხვა დროს. თუმცა, ჩვენ უნდა ველოდოთ, გვჯეროდეს, იმედი გვქონდეს და, რაც ყველაზე მთავარია, ვიშრომოთ“.
FIFA-ს ამჟამინდელ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 73-ე პოზიციაზე იმყოფება, ბელარუსი კი 99-ე პოზიციას იკავებს. საქართველოსგან განსხვავებით, ბელარუსებს დიდ ტურნირებზე არ უთამაშიათ. საგულისხმოა, რომ ამასთან ყველაზე ახლოს 2021 წელს იყვნენ, როდესაც UEFA-ს ერთა ლიგის პლეი-ოფში შეძლეს გასვლა, თუმცა მიზნები და ოცნებები სწორედ ქართველმა ფეხბურთელებმა დაუმსხვრიეს, როდესაც „დინამო არენაზე“ გამართულ პლეი-ოფის ნახევარფინალში თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს. სამწუხაროდ, იმ წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო, თუმცა იგივე შანსი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მივიღეთ, რომელიც ამჯერად გამოვიყენეთ და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ.