სანიოლი: ოჯახური პრობლემის გამო ფეხბურთს ჩამოვშორდი, შემდეგ საქართველოდან დამირეკეს
ვილი სანიოლმა, იუთუბერ Kampo-სთან ვრცლად ისაუბრა 2021 წელს გაკეთებულ არჩევანზე, როდესაც საქართველოს ნაკრები ჩაიბარა - რა მოვლენები ახლდა თან ამ გადაწყვეტილებას და როგორ მივიდა ის საქართველოს ნაკრებამდე.
„იყო თავგადასავალი „ბორდოში“, შემდეგ „ბაიერნი“ ანჩელოტისთან ერთად. „ბაიერნის“ შემდეგ კი მინდოდა დრო ჩემი უმცროსი ვაჟისთვის დამეთმო, რომელიც გარკვეული სირთულეებით დაიბადა. მას აქვს თანდაყოლილი დეფექტი, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. ჩემი იქ ყოფნა აუცილებელი იყო - უამრავი ვიზიტი საავადმყოფოებში და ა.შ. გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი, სამწვრთნელო კარიერა, პაუზაზე დამეყენებინა.
იმ სამყაროსთან კავშირი რომ არ დამეკარგა, ფრანგულ რადიოსა და ტელევიზიაში ვმუშაობდი, რაც შვილის მოვლის საშუალებას მაძლევდა. როდესაც ეს საქმიანობა მომბეზრდა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. ძირითადად, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა მინდოდა სინამდვილეში. ვფიქრობდი, ვიყავი თუ არა საერთოდ ამ საქმისთვის შექმნილი. და თუ მინდოდა დაბრუნება, როგორ მინდოდა ეს გამეკეთებინა. ფაქტობრივად, ხელახლა უნდა აღმომეჩინა, რისი უნარი მქონდა და რა მიყვარდა ჭეშმარიტად. მივხვდი, რომ ყველაზე მეტად „შენება“ მიყვარდა. ფედერაციაშიც (საფრანგეთის) სამი-ოთხი წელი იმიტომ ვიმუშავე, რომ შენება მინდოდა.
შესაძლოა, ეს ჩემი სოფლური აღზრდის ბრალია... ასე რომ, ჩემი შემდეგი გამოცდილება უნდა ყოფილიყო პროექტი - და არა აუცილებლად ტიპური პროექტი, არამედ ისეთი, სადაც რაღაც უნდა ააშენო, რომ შედეგს მიაღწიო. რაღაცას ექვს თვეში ვერ ააშენებ, ამიტომ მჭირდებოდა პროექტი, სადაც დროსაც მომცემდნენ. გამოჩნდა საქართველო, ვისაუბრეთ. ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ვიცნობდი, რადგან ისინი ყოფილი ფეხბურთელები არიან, რომლებიც გერმანიაში თამაშობდნენ დაახლოებით იმავე დროს, როცა მე მიუნხენში ვიყავი. მათ გამაგებინეს, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება სჭირდებოდათ.
ვიფიქრე, რომ მივდიოდი ადგილას, სადაც წარსული მიღწევები არ იყო განსაკუთრებული - პრაქტიკულად არც არსებობდა. ამავდროულად, მეყოლებოდა ხელმძღვანელობა, რომელიც მუშაობის თავისუფლებას მომცემდა... ჩავთვალე, რომ ამისთვის ვიყავი შექმნილი და წავედი. თანაც ისე, რომ საკუთარი თავისთვის არ მითქვამს: „ეს ხომ უბრალოდ საქართველოა“. არა, ეს იყო რაღაცის აშენების პროექტი“.
- ამბობს სანიოლი.