„ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა“ | სანიოლის უცნობი ისტორია და ევრო 2024
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, სმაილ ბუაბდელას იუთუბ-არხის სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ფრანგ სპეციალისტს ჩვენს ეროვნულ გუნდსა და ევრო 2024-ზეც ჰკითხეს.
„სპორტი, და განსაკუთრებით ფეხბურთი, ემოციებს ქმნის. ფეხბურთში ისეთ ემოციებს იღებ, რომლებსაც სხვაგან ვერსად მიიღებ. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და იქ წარმატებით ასპარეზობა გაასმაგებული ემოცია და სიხარული იყო.
როდესაც საქართველოში ვიმყოფები, ხუთ ნაბიჯს ვერ ვდგამ, რადგან ჩემთან ყოველთვის ვიღაც მოდის და ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე მელაპარაკება. თანაც ამ დროს ისინი იღიმიან და ხვდები, რამდენად ბედნიერი იყო ხალხი. ასეთ მომენტებში საკუთარ თავს ეუბნები: „ჩემი საქმე გავაკეთე.“ ბედნიერი ხარ, რადგან შენი მოვალეობა შეასრულე და პარალელურად ხალხიც გააბედნიერე.
ეს ძალიან, ძალიან ძლიერი ემოციაა. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ იმ ოთხი თვის გამო — კვალიფიკაციიდან სადებიუტო მატჩამდე და პორტუგალიასთან გამარჯვებამდე — ყველაფერს გავცვლიდი. მანამდე მსგავსი არასდროს არაფერი გამომიცდია. ეს ოთხი თვე საოცრება იყო.
პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ დავფრინავდით. სხვა არაფერი არსებობდა. იმ პერიოდში მამაჩემი თავისი ცხოვრების ბოლო დღეებს გადიოდა და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყოველდღე არა, მაგრამ ჩემს ტელეფონს ძალიან ხშირად ვამოწმებდი და დედაჩემისგან ან ჩემი დისგან ზარს ველოდებოდი. ცხოვრება კარგად არის მოწყობილი. რაღაც არსებობს და მამაჩემი სამუდამოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაგვემშვიდობა. ამის გამო თავშეკავებული ვიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ მილიონობით გულშემატკივარი გავაბედნიერეთ. ეს ემოცია ნარკოტიკივითაა — თუ ერთხელ გამოცდი, გინდება, რომ იგივე ემოცია ისევ და ისევ მიიღო.“
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად იყო. „ჯვაროსნებმა“ მესამე ადგილი დაიკავეს და პლეიოფში გავიდნენ, სადაც ესპანეთთან წააგეს.