დენა უაითი: კაცი, რომელმაც UFC გადაარჩინა და MMA სამუდამოდ შეცვალა
დღეისათვის UFC შერეული ორთაბრძოლების უმსხვილესი ორგანიზაციაა მსოფლიოში და მას პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს. არადა, 1993 წელს, ისტორიაში პირველი შოუს ორგანიზატორებსაც კი ეპარებოდათ ეჭვი, რომ ქმნიდნენ პროდუქტს, რომელიც XXI საუკუნეში სატელევიზიო ბაზრებს დაიპყრობდა და ჩააჩოჩებდა ერთი შეხედვით, მარადიულ კრივს.
პრომოუშენის სადებიუტო შოუ 1993 წლის 12 ნოემბერს, კოლორადოს შტატში გაიმართა. მისი მთავარი ვარსკვლავი გახდა ლეგენდარული როის გრეისი, რომელიც დღეს უკვე UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.
ტურნირი ოლიმპიური სისტემით, ანუ კლასიკურ ფორმატში ჩატარდა. პირველი UFC-ის ჩემპიონი სწორედ ბრაზილიელი გახდა, რომელმაც ფინალში ჟერარ გორდო დაამარცხა.

საინტერესო და რაც მთავარია, სრულიად ახალი ფორმატის მიუხედავად, UFC 1-ს კოლოსალური მოგება არ მოუტანია. იმ დროის საზომითაც კი, ფასიანი ტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავალი ძალიან მოკრძალებული იყო - 86 000 დოლარი, დენვერის არენა კი სანახევროდ ძლივს შეივსო.
ამავდროულად, არაპროგნოზირებადმა და მართლაც სასტიკმა შოუმ გარკვეული კვალი დატოვა, ამიტომ ლიგის დამფუძნებლებმა, არტ დეივიმ და ჯონ მილიუსმა მისი გაგრძელება გადაწყვიტეს.
მეორე ტურნირიც კოლორადოს შტატში ჩატარდა. ეს ლოკაცია შემთხვევით არ შერჩეულა - აქ არ არსებობდა სპეციალური ათლეტური კომისია, რის გამოც ლიგას არ სჭირდებოდა ნებართვის აღება მკაცრი შოუების ჩასატარებლად. UFC-ის ჩემპიონი კვლავ როის გრეისი გახდა.
თანდათან გამოჩნდა, რომ ახალი სპორტის სახეობა თავის გზას წარმატებით იწყებდა, თუმცა, საქმეში გავლენიანი პირები ჩაერივნენ. მაგალითად, არიზონას შტატის სენატორი, ჯონ მაკკეინი, ახალი სპორტით აღფრთოვანებული არ დარჩენილა და აშშ-ის ტერიტორიაზე UFC-ის სრული აკრძალვის კამპანია წამოიწყო. პოლიტიკოსმა შერეულ ორთაბრძოლებს „მამლების ბრძოლები ადამიანებისთვის“ უწოდა და UFC-ის მებრძოლთა რიცხვის ზრდას ხელი შეუშალა.
პრომოუშენის ხელმძღვანელობა კომპრომისზე წავიდა. 1997 წლის თებერვალში, UFC-ში პირველად ჩატარდა ტურნირი წონითი კატეგორიებით, ხოლო იმავე წლის ივლისში ხელთათმანების გამოყენება სავალდებულო გახდა. ამავდროულად, აიკრძალა რამდენიმე ყველაზე სასტიკი ილეთი.
ამან ორგანიზაციაზე ზეწოლა ოდნავ შეამსუბუქა, თუმცა პრობლემები მაინც იჩენდა თავს და ის გაკოტრების პირას აღმოჩნდა.
სწორედ ამ დროს ასპარეზზე გამოვიდა მაშინ ჯერ კიდევ 32 წლის დენა უაითი. პრომოუტერული საქმის მომავალი ვარსკვლავი თავის ძველ კლასელს, ლორენცო ფერტიტას დაუკავშირდა და ურჩია, დაინტერესებულიყო ლიგით, რომელიც ინვესტორს სასწრაფოდ საჭიროებდა.
ძმებმა ფერტიტებმა UFC შეიძინეს, მის პრეზიდენტად კი უაითი დაინიშნა. ეს იყო ახალი ეპოქის დასაწყისი. მიუხედავად იმისა, რომ ლორენცო ფერტიტა ლიგის ჩრდილოვანი ხელმძღვანელი იყო, მისი როლი UFC-ის განვითარებაში უზარმაზარია. ნევადის შტატის ათლეტური კომისიის ყოფილმა წევრმა შეძლო კომპანიის ამ შტატის ბაზარზე შეყვანა, მალე კი ფასიან საკაბელო არხებზე დაბრუნებაც უზრუნველყო.

ამ ყველაფერმა, უაითის უნართან ერთად - ეფექტურად ემუშავა რეკლამის სფეროში, დაეხმარა UFC-ს პირველ ეტაპზე გადარჩენაში. ლიგის პოპულარობა იზრდებოდა, თუმცა ზარალი კვლავ კომპანიის მთავარ პრობლემად რჩებოდა.
იმედის პირველი სხივი გახდა UFC 40, რომლის მთავარი მოვლენა ტიტო ორტისისა და კენ შემროკის დაპირისპირება იყო. ამ ბრძოლამ ამერიკული ტელეგიგანტების ყურადღება მიიპყრო. ამის მიუხედავად, პრომოუშენის ზარალი კვლავ ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენდა.
მაშინ დენა უაითი გამოვიდა რეალითი-შოუს, The Ultimate Fighter-ის შექმნის ინიციატივით. UFC-ის ბოსებმა დიდი გაჭირვებით შეძლეს ამ პროდუქტის ტელევიზიით გაშვება, მაგრამ წარმატება განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. შოუ, რომელშიც პერსპექტიული მებრძოლები UFC-თან კონტრაქტისთვის იბრძოდნენ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა.
2005 წლის 9 აპრილს, პირველი სეზონის ფინალური ბრძოლა ქვემძიმე წონაში გაიმართა. ფორესტ გრიფინისა და სტეფან ბონარის ბრძოლა საოცარად სანახაობრივი გამოდგა და წლის საუკეთესო ბრძოლის სტატუსი მიიღო.

დენა უაითის თქმით, სწორედ ამ წარმოუდგენელმა შერკინებამ გადაარჩინა UFC ვალებისგან და შემდგომი გაყიდვისგან. პირველი სეზონის დასრულების შემდეგ, ტელეარხმა Spike TV-მ მიიღო გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა გადაღებები. ამრიგად, საკაბელო ოპერატორთან თანამშრომლობითა და რეალითი-შოუს წყალობით, ლიგა სრულიად ახალ დონეზე ავიდა.
2005 წლის გარღვევის შემდეგ, საბოლოოდ გახდა ნათელი, რომ UFC და შერეული ორთაბრძოლები სერიოზული და გრძელვადიანი პროექტი იყო. ლიგის შემოსავლები კოლოსალური ტემპით გაიზარდა.
თითქმის ყოველი ტურნირი ტრანსლაციების გაყიდვის ახალ რეკორდს ამყარებდა. გარდა ამისა, ფართოვდებოდა თანამშრომლობა ბუკმეიკერებთან - ბრძოლებზე დადებული ფსონების რაოდენობა უკვე თავდაჯერებულად უწევდა კონკურენციას კრივზე დადებულ ფსონებს.
ამ ყველაფრის ფონზე, ლიგის ბოსებმა ისარგებლეს მთავარი კონკურენტის - ლეგენდარული იაპონური პრომოუშენის, Pride-ის პრობლემებით. აზიურმა კომპანიამ 2006 წელს დაკარგა მთავარი სატელევიზიო პარტნიორი და სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდა.
2007 წელს UFC-მ შეიძინა Pride და მიუხედავად ახალი მფლობელების დაპირებისა, რომ ორგანიზაცია ძველ ფორმატში გააგრძელებდა მუშაობას, მალე მან საბოლოო კრახი განიცადა და არსებობა შეწყვიტა.
ასევე 2006 წელს, UFC-მ შეიძინა კალიფორნიული პრომოუშენი WEC-ი და ის ფაქტობრივად თავის სატელიტად აქცია, რომელმაც 2010 წელს არსებობა შეწყვიტა.
მთლიანობაში, UFC უკვე ტოტალურად დომინირებდა MMA-ის სფეროში, ამიტომ ახლადდაბადებული ლიგის, Affliction-ის კრახი ან ძმები ფერტიტებისა და უაითის მიერ ლეგენდარული Strikeforce-ის შეძენა უკვე აღარავის უკვირდა.
დენა უაითის გამოჩენიდან სულ რაღაც 10 წელიწადში UFC-ის აქტივები მრავალჯერ გაიზარდა, თავად კომპანია კი, ზვიგენივით ყლაპავდა კონკურენტებს.

როდესაც UFC საბოლოოდ დადგა ფეხზე და გაძლიერდა, დენა უაითს სიახლეების დანერგვის დრო მიეცა.
2012 წელს, ლიგის პრეზიდენტმა პირველად მოაწყო ქალთა ბრძოლა ორგანიზაციაში. UFC 157-ზე სახელოვანმა რონდა როუზიმ ლიზ კარმუში დაამარცხა და პრომოუშენის ისტორიაში პირველი ჩემპიონი გახდა.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს UFC მხოლოდ სპორტული ორგანიზაცია აღარაა - ის გლობალური კულტურული ფენომენია, რომელიც დენა უაითის ხელში განაგრძობს საზღვრების მსხვრევას და ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.