ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

97-კილოგრამიანი მორაგბე, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა - ალექსანდრ ვოლკანოვსკის გზა

ალექსანდრ ვოლკანოვსკი ავსტრალიაში დაიბადა: მამამისი მაკედონიელია, დედა კი - ბერძენი. ის ბავშვობიდანვე დაკავებული იყო ორთაბრძოლებით: 8 წლის ასაკში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე შევიდა, 12 წლისამ კი ავსტრალიის ჩემპიონატი მოიგო.

14 წლის ასაკში ვოლკანოვსკიმ ჭიდაობას თავი დაანება და ავსტრალიისთვის უფრო პერსპექტიულ რაგბიში გადავიდა. ის მოხვდა გუნდ Warilla Gorillas-ში, რომელიც რეგიონულ ნახევრად პროფესიონალურ ლიგაში ასპარეზობდა.

2011 წელს, ალექსმა გუნდთან ერთად შტატის ჩემპიონატი მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. მაშინ ის პირველი ხაზის შემტევი იყო და თავის დავალებას მოედანზე ასე აღწერდა: „მომეცით ბურთი და გავიქცევი“.

ახლა „ვოლკი“ ქვემსუბუქ წონაში გამოდის, მაგრამ მაშინ, 168 სმ სიმაღლის პირობებში, 97 კილოგრამს იწონიდა. ის პროფესიონალი მორაგბე არ გამხდარა, თუმცა დარწმუნებულია, რომ რაგბი მას MMA-ში გადასვლაში დაეხმარა:

„სწორედ რაგბის ლიგამ მაქცია იმად, რაც ვარ: ძლიერ და გამძლე მანქანად. იმიტომ, რომ იმ პოზიციაზე ნამდვილი მონსტრები მხვდებოდნენ. ახლა MMA-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლებს ვუყურებ და ისინი ძალიან პატარები მეჩვენებიან“.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

2012 წელს, ვოლკანოვსკიმ მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც სრულფასოვნად ვარჯიშს ვერ ახერხებდა. ფორმის შესანარჩუნებლად ის MMA-ის დარბაზში მივიდა, სადაც მისი მეგობარი ვარჯიშობდა. იმ დღემ მისი მომავალი განსაზღვრა:

„დაჭიმულობა მქონდა. არც ისე სერიოზული, ამიტომ ვარჯიშების გაცდენაზე დიდად არ ვღელავდი, რადგან სეზონებს შორის პერიოდი იყო. საჭირო იყო აღდგენა და ფორმის შენარჩუნება სეზონის დაწყებამდე. ამიტომ ავირჩიე MMA. მანამდე მოჭიდავე ვიყავი და კარგად ვიცოდი, რომ ფიზიკური მომზადება ყველაფრის საფუძველია, განსაკუთრებით კი შერეულ ორთაბრძოლებში“.

დარბაზში 22 წლის ვოლკანოვსკიმ გაიცნო მწვრთნელი ჯო ლოპესი, რომელთანაც დღემდე თანამშრომლობს. მწვრთნელი მისი სიმძლავრით მოიხიბლა, განსაკუთრებით კი სპარინგების დროს.

ალექსი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა MMA-ის დარბაზში. მან სამოყვარულო დონეზე ოთხი ბრძოლა მარტივად მოიგო, რის შემდეგაც რაგბის კლუბთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა და საბოლოოდ გადავიდა ორთაბრძოლებში.

მიუხედავად სპორტული მიღწევებისა, ვოლკანოვსკი დიდხანს მუშაობდა მშენებლობაზე, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ მოეწყო. მან სამსახური 2014 წელს მიატოვა, როდესაც კლუბ Tiger Muay Thai-ს ყოველწლიურ სინჯებში გაიმარჯვა. ამ გამარჯვებამ მას უფასო ერთწლიანი აბონემენტი და სხვა ბონუსები მისცა: საცხოვრებლისა და კვების ხარჯების ანაზღაურება, ეკიპირება და დახმარება მენეჯმენტში. ვოლკანოვსკის ტაილანდში გასამგზავრებელი ფული არ ჰქონდა — ამაში მას რაგბის ყოფილი თანაგუნდელები დაეხმარნენ.

პროფესიონალურ MMA-ში მან ქვესაშუალო წონაში დაიწყო: სამი ბრძოლა მოიგო, თუმცა ავსტრალიის მთავარ პრომოუშენ AFC-ში დამარცხდა. ეს მოხდა 2013 წლის 10 მაისს - მას შემდეგ დაიწყო მისი დაუმარცხებელი სერია, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა.

ვოლკანოვსკის დებიუტი UFC-ში 2016 წლის ნოემბერში შედგა, სადაც მან მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით იუსუკე კასუია დაამარცხა. ასე დაიწყო ალექსის გამარჯვებათა სერია UFC-ში. ზედიზედ ექვსი მოგების შემდეგ, ალექსი ყოფილ ჩემპიონს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და სამივე რაუნდში აჯობა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ემოციების გამო, გამარჯვების შემდეგ მან ფეხის ტკივილს ყურადღება არ მიაქცია. ტერფი დაუსივდა და გაუწითლდა, სახლისკენ მიმავალ გზაზე კი თავბრუსხვევა დაეწყო. თვითმფრინავი ჩილეში დაეშვა, სადაც ვოლკანოვსკი სასწრაფოდ მოათავსეს საავადმყოფოში. მისი თქმით, უფრო გვიანდელ რეისზე რომ მოხვედრილიყო, შესაძლოა ფეხი დაეკარგა ან გარდაცვლილიყო კიდეც.

UFC-ში ზედიზედ შვიდმა გამარჯვებამ, ვოლკანოვსკი სატიტულო ბრძოლამდე მიიყვანა, სადაც მან მაქს ჰოლოუეის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. რევანშში მან გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ქამარი საკმაოდ სადავო ვითარებაში დაიცვა. ამის შემდეგ მან ზედიზედ დაამარცხა ბრაიან ორტეგა, „კორეელი ზომბი“ და კიდევ ერთხელ ჰოლოუეი.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

„ვოლკი“ ამჟამად ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. მან ბოლო ჩხუბი აპრილში, დიეგო ლოპესთან გამართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნარკოდამოკიდებული მშობლები, მშენებლობაზე მუშაობა და დიდებული კარიერა - მაქს ჰოლოუეის გზა
ნარკოდამოკიდებული მშობლები, მშენებლობაზე მუშაობა და დიდებული კარიერა - მაქს ჰოლოუეის გზა