„კონკრეტულ მატჩში ორივეს დამარცხება შემიძლია“ - მედვედევი ლიდერთა დუეტზე
მსოფლიო ჩოგბურთში რომ კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის ეპოქა დგას, ამაზე ყველა თანხმდება. ვეტერანი ჩოგბურთელები კი, ესპანელისა და იტალიელის კონკურენტებს, თუ რა თქმა უნდა ასეთები არსებობენ, უსუსურობისთვის ღიად აკრიტიკებენ და თვლიან, რომ ისინი იანიკსა და კარლოსს გაცილებით უფრო დიდ წინააღმდეგობას უნდა უწევდნენ. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა დანილ მედვედევს და 29 წლის რუსი ჩოგბურთელისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ამჟამად იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი ნამდვილად ყველაზე ძლიერი ჩოგბურთელები არიან. მახსოვს, როდესაც იტალიელი კარიერაში პირველად გავიდა როლან გაროსის მეოთხედფინალში, ის დარტყმის სიძლიერით ყველას აღემატებოდა, მათ შორის რაფაელ ნადალსაც. თუ შენ მოწინააღმდეგეს ძლიერი მოწოდება აქვს, მისი დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ცდად ყოველთვის ღირს.
იმ სტაბილურობით, რასაც კარლოსმა და იანიკმა 2025 წელს მიაღწიეს, გრძელ და მარათონულ დისტანციაზე მათთვის კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, კონკრეტულ მატჩში როგორც ერთის, ასევე მეორის დამარცხება შემიძლია“.
ცნობისათვის, დანილ მედვედევს იანიკ სინერის წინააღმდეგ გამართული 15 შეხვედრიდან 7 აქვს მოგებული, ხოლო კარლოს ალკარასი 8 თამაშიდან მხოლოდ ორში დაამარცხა.