ქალიშვილს 4 თვეა ვერ ვნახულობ | თოფურია განცხადებას ავრცელებს
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურია განცხადება გაავრცელა, რომელიც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. ილიას თქმით, ერთ-ერთმა გამოცემამ ყალბი სათაურით გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ილია ოჯახში ძალადობის საქმეზე ჩვენების მისაცემად დაიბარეს. ილიას თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სტატია მხოლოდ „კლიკებისთვისაა'' დაწერილი.
ილია თოფურიას განცხადების სრულ ვერსიას გთავაზობთ.
„ყოველთვის ღრმად მადლიერი ვიყავი იმ პატივისცემით სავსე დამოკიდებულებისთვის, რასაც მედიისგან ვიღებდი. ისინი იყვნენ და რჩებიან ჩემი განვლილი გზის მნიშვნელოვან ნაწილად ყველა ამ წლის განმავლობაში.
სამწუხაროდ და ჩემდა გულდასაწყვეტად, ამჟამად ახალ ამბებში ვხვდები ისეთი საკითხების გამო, რომლებსაც სპორტთან საერთო არაფერი აქვთ. მესმის, რომ საჯარო ფიგურა ყოფნა ნიშნავს იყო დაუცველი ყალბი ამბებისა და შეცდომაში შემყვანი, სენსაციური სათაურების წინაშე, რომლებიც შექმნილია მხოლოდ „კლიკების“ მოსაპოვებლად, სიმართლისა და შედეგების გათვალისწინების გარეშე.
გუშინ, ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ყალბი სათაურით, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს მე ოჯახში ძალადობის საქმეზე ჩვენების მისაცემად დამიბარეს. ეს სათაური მოგვიანებით შეიცვალა, რადგან ის არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მე არასდროს ვყოფილვარ დაბარებული ჩვენების მისაცემად ამ მიზეზით, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად ვარ ნებისმიერ დროს მივიდე, თუ ამას მოითხოვენ. ფაქტია, რომ სასამართლო სისტემის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, მაგრამ უწყება ეხება მხოლოდ საოჯახო და ადმინისტრაციულ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩემი ქალიშვილის ესპანეთიდან გასვლის ნებართვასთან — ქალიშვილის, რომლის ნახვასაც მრავალი მცდელობის მიუხედავად, უკვე ოთხი თვეა ვერ ვახერხებ.
მე ვიღებ იმ ფასს, რაც საჯარო ცხოვრებას ახლავს, მაგრამ ეს არ ამართლებს გადაუმოწმებელი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ფაქტების დამახინჯებას ან ისეთი საკითხების გასაჯაროებას, სადაც არასრუწლოვანი ფიგურირებს, რომელიც დაცვას იმსახურებს. სიტუაცია დაიწყო ჩემი მხრიდან განქორწინების მოთხოვნით, რაც მოჰყვა ჩვენი დაშორების შემდეგ გამართულ კვირაობით მოლაპარაკებებს. მას შემდეგ, რაც უარი განვაცხადე გარკვეული სრულიად არაგონივრული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რამდენიმე კვირის შემდეგ შევიდა საჩივარი ძალადობის შესახებ, რითაც მანამდე მემუქრებოდნენ და რასაც ახლა სასამართლო განიხილავს.
მე კვლავ ღმერთის, სამართლიანობისა და ხალხის იმედი მაქვს. ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და მალე შევძლებ დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ორი უმთავრესი ადამიანიდან ერთ-ერთი, ჩემს ვაჟ ჰუგოსთან ერთად: ჩემი ქალიშვილი, ჯორჯინა.
მედიისგან ვითხოვ მხოლოდ იმ პატივისცემასა და სიზუსტეს, რაც მათ უმეტესობას ყოველთვის გამოუჩენია ჩემ მიმართ — და გთხოვთ, მიჰყევით ფაქტებს, რადგან სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს.
ღმერთმა დაგლოცოთ''.