რომან დოლიძე ბრუნდება | ვინ არის კავკასიელის მომდევნო მეტოქე
UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ოქტაგონში ბრუნდება. რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, „კავკასიელი“ 21 მარტს, ლონდონში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებს, მისი მეტოქე კი კრისტიან ლეროი დანკანი იქნება.
დანკანი ინგლისელი მებრძოლია და კარიერაში გამართული 15 ორთაბრძოლიდან 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მან 10 ჩხუბი ნოკაუტით მოიგო, ერთხელ კი — მახრჩობელა ილეთით. დანკანს ორივე წაგება UFC-ში აქვს: პირველად არმენ პეტროსიანთან დამარცხდა, მეორედ კი — გრეგორი როდრიგესთან.
ინგლისელ მებრძოლს ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს. 2025 წლის მარტში მან ანდრეი პულიაევი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, აგვისტოში ერიკ ანდერსი პირველ რაუნდში დაანოკაუტა, ხოლო ნოემბერში მარკო ტულიო მეორე რაუნდში გათიშა.
რაც შეეხება დოლიძეს, რომანი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-12 პოზიციას იკავებს. „კავკასიელმა“ ბოლოს ენტონი ჰერნანდესთან იჩხუბა და მეოთხე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დამარცხდა. მანამდე კი ენტონი სმიტს, კევინ ჰოლანდსა და მარვინ ვეტორის მოუგო.