ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტასა და ბარსელონას ყოფილ დირექტორს ბრალი თაღლითობაში ედებათ

„ბარსელონას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, ბრალი თაღლითობაში დასდეს.

როგორც გამოცემა As იტყობინება, სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი ლაპორტას, კლუბის ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტესა და „ბლაუგრანას“ ყოფილი დირექტორების ხავიერ სალა-ი-მარტინისა და ჟოან ოლივერის წინააღმდეგ. ყველა მათგანი დაკავშირებული იყო ესპანეთში ბაზირებულ კომპანია Core Store-თან და ჰონგ-კონგურ CSSB Limited-თან. ისინი ჩვენების მისაცემად თაღლითობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაიბარეს.

საქმის მასალების მიხედვით, 2016 წელს მოსარჩელემ Core Store-ში 50 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა, რომლის სტრატეგიული გეგმა კლუბ „რეუს დეპორტიუს“ ესპანეთის მეოთხე დივიზიონიდან მეორეში აყვანა იყო. საპროცენტო განაკვეთი 6%-ს შეადგენდა.

ქალბატონმა ასევე 54 000 ევრო ჩადო კომპანია CSSB Limited-ის აქციებში, რომლის მიზანი ჩინეთში „ლა მასიას“ (ბარსელონას აკადემია) მსგავსი საფეხბურთო აკადემიის შექმნა იყო.

კარგი შემოსავლის გარდა, ინვესტორებს იზიდავდა „საზოგადოებრივი და პროფესიული რეპუტაციის“ შექმნის პერსპექტივა – მათ ჰპირდებოდნენ, რომ გახდებოდნენ „სპორტისა და ბიზნესის სფეროში ფართოდ აღიარებული და ავტორიტეტული ფიგურები“.

ინვესტირებული 104 000 ევროდან დაზარალებულმა მხოლოდ 12 500 ევროს დაბრუნება შეძლო (2024 წლის აგვისტოში), მას შემდეგ, რაც ორივე კომპანიის მხრიდან კონტრაქტის მრავალგზის დარღვევის გამო რამდენიმე საჩივარი შეიტანა.

დოკუმენტური ფილმიდან – „ლაპორტაგეითი: რეუსის საქმე 2“ – ქალმა შეიტყო, რომ სხვა ადამიანებმაც განახორციელეს მსგავსი წარუმატებელი ინვესტიციები ამ კომპანიებში, რის შემდეგაც ის ადვოკატ პეპე ორიოლას დაუკავშირდა, რომელიც სხვა დაზარალებულების ინტერესებსაც იცავს.

ეს უკვე მესამე სარჩელია ლაპორტას წინააღმდეგ, რომელიც ამ კომპანიებთან მის კავშირებს ეხება. ლაპორტა და ოლივერი Core Store-ის მენეჯერებად იყვნენ მითითებულნი. ეს უკანასკნელი კლუბის ლიკვიდაციამდე „რეუს დეპორტიუს“ გენერალური დირექტორის პოსტსაც იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები