„ეს დიდი ცოდვაა“ - მუსლიმებმა სალაჰი შობის მილოცვის გამო გააკრიტიკეს
„ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების შემტევმა, მუჰამედ სალაჰმა, გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გამომწერებს კათოლიკურ შობას ულოცავს. მან სოციალურ ქსელში საახალწლო ნაძვის ხის ფონზე გადაღებული შვილების ფოტო ატვირთა და ჰეშთეგი #ბედნიერიშობა დაურთო.
ამის შემდეგ, კომენტარებში სალაჰი მუსლიმების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
View this post on Instagram
„მეგონა, არ აღნიშნავდი ამ დღესასწაულს, რომელიც ჩვენს სარწმუნოებაში აკრძალულია“,
– დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.
„მო სალაჰ, როგორც „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივარს, ძალიან მიყვარდი. შენში მისაბაძ მაგალითს ვხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ „სიტიში“ არასდროს გითამაშია, შენ ჩემი შთაგონება იყავი. თუმცა, ამ პოსტის შემდეგ აღარ შემიძლია მისაბაძ ადამიანად მიგიჩნიო. გული გამიტეხე. თუ ამ პოსტს არ წაშლი, გამოწერას გაგიუქმებ“,
– განაცხადა სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელმა.
„შენ მუსლიმი ხარ... პატივი უნდა სცე შენს ეროვნებასა და კულტურას... რას აჩვენებ მილიონობით ადამიანს?“
– იკითხა კიდევ ერთმა გამომწერმა.
„ძმაო, გეშინოდეს ღმერთის საკუთარი თავის გამო – შენ მუსლიმი ხარ, მილიონობით ადამიანი მოგყვება და უყვარხარ, მათი უმეტესობა მუსლიმი და ახალგაზრდაა. ისინი შენს საქციელს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ, მაგრამ ეს დიდი ცოდვაა და მუსლიმებს არ გვეხება. გინახავს ოდესმე ქრისტიანები ყურბან-ბაირამს ან ურაზა-ბაირამს ზეიმობდნენ?“
– დააკომენტარა კიდევ ერთმა პიროვნებამ.
აღსანიშნავია, რომ შობის მილოცვის გამო სალაჰი გასულ წელსაც გააკრიტიკეს.