„ბეშიქთაშს“ ზუსტად ასეთი პროფილის ფეხბურთელი სჭირდება“ - თურქეთში ზურიკოს არ ეშვებიან
მიუხედავად იმისა, რომ ერიკ ჰორნელანდმა (AS სენტ-ეტიენის მწვრთნელმა) განაცხადა, რომ ზურიკო დავითაშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს არ დატოვებდა, ქართველი ფეხბურთელი მაინც ცნობილი კლუბის ყურადღების ცენტრშია.
„ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ“ — განაცხადა „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა საფრანგეთის თასზე „ნიცასთან“ მატჩის წინ და მიანიშნა, რომ დავითაშვილის წასვლა დღის წესრიგში აღარ დგას. მართალია, გასულ ზაფხულს საქართველოს ნაკრების წევრს ლიგა 2-ში დაქვეითებული კლუბიდან წასვლა სურდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის შეეგუა აზრს, რომ სეზონს „სენტ-ეტიენში“ დაასრულებს.
მიუხედავად ამისა, 24 წლის ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშმა შესაძლოა კლუბის პრეზიდენტს, ივან გაზიდისს, გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. 24 დეკემბერს სტამბოლური მედია კვლავ აქტიურად ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ზურიკო დავითაშვილი ზამთარში, შესაძლოა, „ბეშიქთაშს“ შეუერთდეს.
სატრანსფერო ღირებულება და კლუბის პოზიცია
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დავითაშვილის მომავალს თურქეთს უკავშირებენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, თურქეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე მყოფი კლუბი სულ უფრო მეტად აქტიურობს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
თუკი თავდაპირველად „სენტ-ეტიენმა“ „ბეშიქთაშს“ უარი უთხრა, ახლა ფრანგული კლუბის პოზიცია შეიცვალა — ისინი ქართველის გასხვისებაზე კატეგორიულ უარს აღარ ამბობენ.
„ბეშიქთაშს“ სწორედ ასეთი მოთამაშე სჭირდება“
თურქი ჟურნალისტი, რომელიც თავის ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკოსად მოიაზრება, ქურშად ჩელიქბაში, რომელიც „ბეშიქთაშის“ სიახლეებს აქტიურად აშუქებს, მიიჩნევს, რომ ქართველის ტრანსფერი გუნდისთვის გარდამტეხი იქნება:
„ზურიკო დავითაშვილი ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანი შენაძენია, როგორც თავის დროზე ჩერნი იყო. მას აქვს შესანიშნავი ეთიკა, სამუშაო დისციპლინა და იცის, როგორ გამოიყენოს თავისი ნიჭი გუნდის სასარგებლოდ და არა საკუთარი თავის წარმოსაჩენად. „ბეშიქთაშს“ ზუსტად ასეთი ტიპაჟი სჭირდება“, - ამბობს ჩელიქბაში.
ქართველი ფეხბურთელის მომავლის შესახებ ყველაფერი უახლოეს პერიოდში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გაირკვეს. შეგახსენებთ, რომ ზურიკო მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირია. 24 წლის შემტევს ლიგა 2-ში ჩატარებულ 15 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ასევე, მან რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის თასზეც შეძლო თავის გამოჩენა, სადაც მისი გუნდი ნიცასთან 2:1 დამარცხდა. „სენტ-ეტიენიდან“ გოლი სწორედ დავითაშვილმა გაიტანა.