პაბლო აიმარი
Aa
Aa

მარადონას მემკვიდრე და მესის კერპი - პაბლო აიმარის ისტორია

„ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისათვის, რომ ამდენი დრო სახლიდან მოშორებით ფეხბურთის თამაშს დაუთმო - სწავლაზე იფიქრე“ - რიკარდო აიმარს არ სურდა, რომ მის შვილს ფეხბურთი ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც უყვარდა ფეხბურთი, რიკარდო შვილის მომავალზე ფიქრობდა: უფრო მაღალი ალბათობით, მისი 13 წლის შვილი წარმატებას განათლების სფეროში მიაღწევდა.

საგულისხმოა, რომ პაბლომ საუკეთესო თვისებები - მოკრძალებულობა, შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა მამისგან გადმოიღო, თუმცა ამ საკითხში მამას არასოდეს უჯერებდა. მისთვის მხოლოდ ფეხბურთი არსებობდა. „რივერ პლეიტის“ ასაკობრივ გუნდთან ორი ვარჯიშის შემდეგ მან კლუბის ლეგენდას, დანიელ პასარელას სთხოვა, გასაუბრებოდა მის მამას - ასე ჩაირიცხა პაბლო აიმარი „მილიონერების“ აკადემიაში, შემდეგ კი გაიარა გზა პირველ გუნდამდე და სამხრეთამერიკული ფეხბურთის ლეგენდას დაასრულებინა კარიერა.

„რივერ პლეიტი“

აიმარი არა ბუენოს-აირესში, არამედ ქალაქ რიო კუარტოში დაიბადა და ფეხბურთის თამაში ქუჩაში დაიწყო. სწორედ იქ მოიხიბლა პაბლოს დრიბლინგით ადგილობრივი „ესტუდიანტესის“ ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი ალფი მერკადო. პაბლოს არ ჰქონდა განსაკუთრებული სისწრაფე, მაგრამ გვერდიდან ისე ჩანდა, რომ ყველაფერი მარტივად გამოსდიოდა. აიმარი „ესტუდიანტესის“ აკადემიაში სინჯების გარეშე ჩაირიცხა, შემდეგ კი „რივერის“ აკადემიაში გადავიდა. რიკარდო აიმარს სურდა, რომ მისი შვილი ექიმი გამოსულიყო, თუმცა უკვე 16 წლის ასაკში მისმა შვილმა „რივერის“ პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ყველასათვის ნათელი იყო, რომ აიმარს უდიდესი ნიჭი ჰქონდა და „რივერს“ მის განვითარებაში დრო და ფული უნდა დაეხარჯა. პირველ მატჩებში არგენტინის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ფიზიკურად ძლიერი მცველების ფონზე აიმარი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც კარგად წარმოაჩინა თავი. 16 წლის პაბლომ რამდენიმე ძლიერი დარტყმაც მიიღო, რაც მოგვიანებით კიდევ შეახსენებს მას თავს - ტრავმებმა აიმარის კარიერას უდიდესი დაღი დაასვეს.

აიმარი პროგრესირებდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ მოედანზე კლუბის ლეგენდაზე, ენცო ფრანჩესკოლიზე უკეთ გამოიყურებოდა. პაბლო თითქოს ბურთით სრიალებდა, მეტოქის ნახევარზე სივრცეებს პოულობდა და ერთი პასით ან დრიბლინგით მატჩების ბედს ცვლიდა. „რივერის“ მაშინდელი „ცხრიანი“, მარსელო სალასი ამბობდა: „აიმარი განსაკუთრებულია. თუ მცველისგან გავთავისუფლდი, ის აუცილებლად მომძებნის“.

4 სეზონი „რივერში“ სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ აიმარის შესახებ ევროპაშიც შეეტყოთ. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დიეგო მარადონამ პაბლოს თავისი „ბუნებრივი მემკვიდრე“ უწოდა. აიმარისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, თუმცა დიეგოს ამ სიტყვების შემდეგ პაბლოს საბაზრო ღირებულებას კიდევ ერთი 0 დაემატა.

ევროპა

82 მატჩში 21 გოლი და 28 ასისტი - ამ სტატისტიკით პაბლო „რივერს“ დაემშვიდობა და თქვა, რომ ოდესმე „ელ მონუმენტალზე“ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ევროპაში გატარებული 15 წლის შემდეგ მან ეს პირობაც შეასრულა.
„უამრავი წინადადება მქონდა და შოკირებული ვიყავი - მირეკავდნენ ინგლისიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან. ბოლოს მარტივი გადაწყვეტილება მივიღე“, - ასე იხსენებდა აიმარი ტრანსფერს „ვალენსიაში“, რომელიც 2001 წლის იანვარში ესპანური ფეხბურთის ტახტიდან „რეალის“ ჩამოგდებას ცდილობდა. სხვათა შორის, აიმარის ყიდვით „ბლანკოსიც“ იყო დაინტერესებული, შემდეგ კი რეკორდული თანხა ზინედინ ზიდანში გადაიხადა.

„ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მიიწევდა და გზად „ლიონი“, „არსენალი“ და „ლიდსი“ დაამარცხა. ექტორ კუპერის „ღამურებში“ აიმარს გაისკა მენდიეტა, ვისენტე, ზლატკო ზაჰოვიჩი, რუბენ ბარახა და ჯონ კარიუ დახვდნენ. პაბლომ მალევე დაიმსახურა იოჰან კრუიფის შექება, ესპანურმა მედიამ მას „ელ მაგო“ (ჯადოქარი) შეარქვა, კუპერმა კი შეტევაში სრული თავისუფლება მისცა და დაცვითი ფუნქციების შესრულებისგან გაათავისუფლა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ კუპერი რაფა ბენიტესმა შეცვალა, „ღამურებმა“ კი ლა ლიგა მოიგეს, სადაც აიმარს უკვე საკუთარ ნახევარზე ჩასვლა და ბარახასთან ერთად თამაშის ტემპის კარნახიც დაევალა. ბენიტესის დანერგილმა აგრესიულმა სათამაშო სტილმა „ვალენსიას“ 2003 წელს უეფას თასი, 2004 წელს კი ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა მომდევნო სეზონები წარუმატებელი იყო როგორც „ვალენსიასთვის“, ისე პაბლოსთვის, რომელსაც ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა.

აიმარი ევროპის ყველაზე სანახაობრივი ნახევარმცველი აღარ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მარადონა ჯიუტად იმეორებდა, რომ „პაბლო ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის თამაშის ყურებაში ფულის გადახდა მინდაო“. ბენიტესი კლაუდიო რანიერიმ შეცვალა, რომელიც აიმარს ხან ფლანგზე ათამაშებდა, ხან კი საერთოდ სკამზე ტოვებდა. როდესაც „ღამურები“ 2005 წლის ზაფხულში კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიბარა, აიმარი უკვე სულ სხვა ფეხბურთელი იყო: თამაშის გამამწვავებელი პასების ნაცვლად ის ბურთის „სტერილურ“კონტროლს ამჯობინებდა და 2006 წლის ზაფხულში „მესტალია“ დატოვა.

„ვალენსიას“ დატოვება

პრესა აიმარს „ლივერპულს“ უკავშირებდა, სადაც პაბლოსთვის კარგად ნაცნობი ბენიტესი მუშაობდა, თუმცა არგენტინელმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და „სარაგოსას“ შეუერთდა. ბევრმა ეს ტრანსფერი ამბიციების არქონად შეაფასა. „აიმარს აღარ სჯერა, რომ ტოპ დონეზე თამაში შეუძლია“, - წერდნენ გაზეთები. თუმცა „სარაგოსაში“ აიმარს საყვარელ პოზიციაზე რეგულარულად თამაში შეეძლო და მისთვის ყველაზე მთავარიც სწორედ ეს იყო - ეთამაშა საყვარელი თამაში ისე, როგორც მას სურდა. აიმარის მოსვლამ ხელფეხი გაუხსნა დიეგო მილიტოს, რომელმაც 23 გოლი გაიტანა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროის ჩამორჩა.

5 გოლი და 11 ასისტი - აიმარის მოსვლის შემდეგ „სარაგოსამ“ სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც კლუბისთვის წარმოუდგენლად კარგი შედეგი იყო. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ აიმარი ისევ საუკეთესო ფორმას იბრუნებდა, თუმცა შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რასაც ის ვერაფრით წარმოიდგენდა. ფულის არასწორი ხარჯვა, წამყვანი მოთამაშეების გაყიდვა და მე-18 ადგილი მომდევნო სეზონში - აიმარი „სარაგოსასთან“ ერთად მეორე ლიგაში გავარდა.

„ბენფიკა“

რა თქმა უნდა, არგენტინელი შეთავაზებების სიმცირეს არ უჩიოდა, მათ შორის იყო „რივერ პლეიტში“ დაბრუნების ვარიანტიც, თუმცა პაბლომ „ბენფიკა“ არჩია. „არწივები“ რუი კოშტას შემცვლელს ეძებდნენ, ხოლო გუნდში ოსკარ კარდოსოს, ნუნო გომეშის, ანხელ დი მარიასა და ხოსე ანტონიო რეიესის ყოფნა ლაღი და შემტევი ფეხბურთის თამაშის გარანტია იყო.

მომდევნო სეზონში მეორე ფორვარდის პოზიციაზე ხავიერ სავიოლა მოვიდა - ის, აიმარი და დი მარია მომენტს მომენტზე უქმნიდნენ გამოკვეთილ „ცხრიანს“ - ოსკარ კარდოსოს და შედეგმაც არ დააყოვნა: პარაგვაელმა 47 მატჩი 38 გოლი გაიტანა, „ბენფიკამ“ კი ჩემპიონატი და ლიგის თასი მოიგო.

ტრავმების ფონზე 31 წლის აიმარს სულ უფრო უჭირდა მოედანზე სწრაფად მოქმედება, „ბენფიკას“ გულშემატკივრებმა ის სიგიჟემდე შეიყვარეს, თუმცა ეს ძველი „ჯადოქარი“ აღარ იყო. აიმარი მალაიზიიდან სარფიან შეთავაზებას დათანხმდა და ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ კარიერას პაბლო სწორედ აზიაში დაასრულებდა, თუმცა „რივერის“ ფანებისთვის მიცემული პირობა პაბლომ მაინც შეასრულა და „მილიონერების“ მაისურით კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.

„ბავშვობაში ყოველთვის ვცდილობდი, პაბლო აიმარივით მეთამაშა“ - იხსენებდა ლეო მესი. ფეხბურთელისთვის უკეთესი კომპლიმენტი ალბათ რთული მოსაძებნია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრინცი, რომელმაც თმის შეჭრა არ ისურვა - ფერნანდო რედონდოს ისტორია
პრინცი, რომელმაც თმის შეჭრა არ ისურვა - ფერნანდო რედონდოს ისტორია