ვენგერი საუბრობდა, ყიფიანი მითარგმნიდა | ხიზანა არსენალში ჩაშლილ ტრანსფერზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა გადაცემაში „ჩემპიონები'' ლონდონის „არსენალში'' ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა. „არსენალში'' ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივმა'' წინასწარი შეთანხმება დაარღვია და 500 000 ევროს ნაცვლად 5 მილიონი ევრო მოითხოვა. ამის გამო „მეთოფეებმა'' ქართველი მცველის ტრანსფერზე უარი თქვეს.
ზურაბ ხიზანიშვილი: „ანკონაში იტალიასთან მატჩზე არსენ ვენგერი ჩამოსული იყო. როგორც მითხრეს, ერთ-ერთი იტალიელს აკვირდებოდა და მე მოვეწონე. ყიფო ინგლისურად კარგად ლაპარაკობდა, ვენგერი გასახდელში ჩამოვიდა, ყიფომ დამიძახა, ესე და ესეო, ვენგერი საუბრობდა და ყიფიანი მითარგმნიდა. ვენგერი გამომელაპარაკა და შემდეგ მოხდა ჩემი „არსენალში’’ მიწვევა.
როცა თბილისის საკონსულოში ვიზაზე შევედი, კონსული ჩამეხუტა, „არსენალის’’ ქომაგი ყოფილა. ისეთი პერიოდი იყო, ცოტა დაუჯერებელი იყო, ყველა რაღაცას მეუბნებოდა... (გუნდების შეთავაზებებს გულისხმობს). კონსულის რეაქციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მართლა „არსენალში’’ მივდიოდი.
„არსენალში’’ ერთი კვირა ვიყავი. ტონი ადამსთან, ტიერი ანრისთან, ვიეირასთან, სიმენთან, ბეგკამპთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი.
საკომპენსაციო თანხა დაახლოებით 500 000 ფუნტი სტერლინგი გამოდიოდა, „არსენალი’’ თანახმა იყო. ეს წინასწარი შეთანხმება იყო, თუ ფეხბურთელი მოეწონებოდა, მაგრამ შემდეგ „ლოკომოტივმა’’ ამ თანხას ერთი 0 მიუწერა, ჩემს სანაცვლოდ ხუთ მილიონ ფუნტს ითხოვდნენ. ასაკიდან გამომდინარე ჩაშლილმა ტრანსფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეგონა, ჩემი კარიერა დასრულდა’’.
ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც ამჟამად საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ანკონაში იტალიასთან გამართული მატჩისას 19 წლის იყო. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევში იტალიამ აღნიშნული შეხვედრა 2:0 მოიგო, ალესანდრო დელ პიერომ დუბლი შეასრულა, ორივე გოლი პენალტიდან გაიტანა. მაშინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგენდარული ფეხბურთელი დავით ყიფიანი წვრთნიდა.
მოგვიანებით, 2005 წელს ზურაბ ხიზანიშვილი „რეინჯერსიდან'' „ბლექბერნში'' გადავიდა და ამ კლუბის რიგებში საერთო ჯამში პრემიერ ლიგაში 62 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.