ზურიკოს გოლი ნიცასთან - სენტ-ეტიენი თასიდან გავარდა
საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ სტუმრად „ნიცას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.
ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. დავითაშვილი თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გოლის გატანაც შეძლო. 45-ე წუთზე, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 იყო, „ნიცას“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ქართველმა ფეხბურთელმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
ამის გარდა, დავითაშვილს გოლის გატანის კიდევ რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მათ შორის ყველაზე რეალური — 65-ე წუთზე, როდესაც გოლამდე მცირედი დააკლდა. ზურიკოს მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შემდეგ მოედანი დატოვა. სამწუხაროდ, ამ ეპიზოდიდან მალევე „ნიცამ“ სტუმართა კარში მეორე გოლის გატანა შეძლო, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა და, შედეგად, „სენტ-ეტიენი“ გათამაშებას 1/16-ფინალიდან დაემშვიდობა.
მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილისთვის ეს მე-9 გოლი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა „სენტ-ეტიენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და 9 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას ლიგა 2-ის ეგიდით, 3 იანვარს, „ლე მანსის“ წინააღმდეგ გამართავს.