„მისთვის საუკეთესო პოზიციაა“ - ჩაკვეტაძეზე მწვრთნელმა ისაუბრა
ტრავმით გამოწვეული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და მართალია ჯერჯერობით საგოლე მოქმედებებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის ხავი გრასიას დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, სათამაშო პრაქტიკა მაქსიმალურად ეძლევა და ყველანაირი პირობები აქვს საიმისოდ, რომ ძველებური კონდიციები რაც შეიძლება მალე დაიბრუნოს. გუშინ „სტოკთან“ გამართულ შეხვედრაში 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ისევ სასტარტოში იყო და პლეიმეიქერის პოზიციაზე ითამაშა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ გრასიამ გიორგიზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩემი აზრით, გიორგი საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე კარგად მაშინ ავლენს, როდესაც მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. მიუხედავად ამისა, „სტოკთან“ გადავწყვიტე „ათიანზე“ დამეყენებინა და ეს ტაქტიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული. მარცხენა ფლანგზე საკმაოდ დიდი არჩევანი მაქვს და მჭირდებოდა ისეთი მოთამაშე, რომელიც თავდაცვის დროს მოწინააღმდეგე გუნდის ვინგერს ერთი-ერთზე ასპარეზობისას კარგად გაუმკლავდებოდა. ჩაკვეტაძეს კი მომდევნო ტურებში ისევ მარცხენა ფლანგზე განვიხილავ“.
ცნობისათვის, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც როგორც გოლების, ასევე ასისტების გრაფაში ორნიშნა ციფრი უწერია - მის ანგარიშზე 37 მატჩში 10 ბურთი და 10 საგოლე პასია.