მიქაუტაძემ ერთი-ერთზე ვერ გაიტანა - 10-კაციანი ვილიარეალის მარცხი ბარსელონასთან
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. დარჩენილ დროში ქართველ შემტევს გოლის გატანის 1 რეალური შანსი ჰქონდა. 76-ე წუთზე ჟორჟი მეკარესთნ ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში „ბარსელონას“ კიპერმა აჯობა და სამწუხაროდ, მიქაუტაძემ 100%-ანი შანსის გამოყენება ვერ შეძლო.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „ბარსელონამ“ ანგარიში მე-12 წუთზე, რაფინიას ზუსტადშესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა, 62-ე წუთზე კი ლამინ იამალმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 39-ე წუთზე, იამალზე უხეშობის გამო „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა, რენატო ვეიგამ წითელი ბარათი მიიღო, რამაც მასპინძლები ურთულეს სიტუაციაში ჩააგდო და ამ ეპიზოდმა თამაშის სცენარზეც დიდი გავლენა იქონია.
18 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა მიქაუტაძის გუნდს კონკურენტებთან შედარებით ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
გიორგი მიქაუტაძის სტატისტიკა კი ასეთია - 5 გოლი და 2 ასისტი 18 ჩატარებულ შეხვედრაში. „ვილიარეალი“ მომდევნო მატჩს 3 იანვარს, სტუმრად „ელჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.