კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ჩემგან მეტს ელიან? ესე იგი, მეტი შემიძლია - ამის გამო ზეწოლას არ ვგრძნობ“ - იამალი

ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამინ იამალმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი შეაფასა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

„ყველაფერმა, რაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში გადამხდა თავს როგორც ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში, უფრო მალე ჩამომაყალიბა ზრდასრულ პიროვნებად. თანაგუნდელები ასევე მეხმარებიან, ყოველდღე ვსაუბრობ ჩემზე უფროს და გამოცდილ პარტნიორებთან.

ზეწოლას არ ვგრძნობ, ამას აღვიქვამ იმის მტკიცებულებად, რომ მეტის გაკეთება შემიძლია. კარგია, რომ ხალხს ჩემი სჯერა და ჩემი იმედი აქვს. თუმცა არსებობს მეორე მხარე: ზოგიერთები ელოდებიან, როდის დაუშვებ შეცდომას, რომ შემდეგ გაგაკრიტიკონ. ასეთ დროს უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და შენს საქმეზე იფიქრო. საბოლოო ჯამში, უცხო ადამიანების სიტყვებს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მჯერა, რომ უკეთესად თამაში შემიძლია. საკუთარი თავისგან ბევრს ვითხოვ და არასოდეს ვკმაყოფილდები იმით, რასაც მივაღწიე. ტრავმის გამო თითქმის ორი თვე არ მითამაშია და ამას თავისი გავლენა აქვს. კიდევ მჭირდება გარკვეული დრო საუკეთესო ფორმის აღსადგენად. თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, ვაჩვენო ყველას, რა შეუძლია ესპანეთის ნაკრებს და პირადად ლამინ იამალს.

თუ რომელიმე მატჩში გოლი ვერ გავიტანე, ამის გამო არასოდეს ვბრაზდები. ჩემი მიზანი გოლის გატანა არაა - ეს ყველას შეუძლია. მინდა, უკეთესად ვითამაშო და მეტი გარდატეხა შევიტანო მატჩში.

ნუნო მენდეში? პორტუგალიასთან მატჩში მასზე ზეწოლის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მენდეში ძალიან სასარგებლოა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ამიტომ ვცდილობდი, გუნდს მაქსიმალურად დავხმარებოდი.

პორტუგალიასთან გამარჯვებამ გუნდს თავდაჯერებულობა შემატა. ჩემი აზრით, პორტუგალია საუკეთესო გუნდების სამეულში შედის. თუმცა ბელგიასთან შეხვედრას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ - მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მატჩი ძალიან რთულია.

საფრანგეთი-მაროკო? ორივე ძალიან კარგი გუნდია. საფრანგეთთან თამაშის მხრივ კარგი მოგონებები გვაქვს, ხოლო მაროკოს წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, შევეცდებით, ფინალში გავიდეთ.

ტიბო კურტუას სახით ბელგიას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავს. ეს საქმეს გაგვირთულებს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ.

მესი, კრიშტიანუ და ნეიმარი? ყველამ იცის, რა შეუძლია მესის, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ის კვლავ ასეთ მაღალ დონეზე ითამაშებდა. მისი წარმატებებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმავეს ვიტყვი კრიშტიანუსა და ნეიმარზე. ჩვენთვის, ახლანდელი თაობისთვის ისინი ბავშვობის კერპები იყვნენ.

ხულიან ალვარესი და „ბარსა“? ყველამ იცის, რომ ის ტოპ-ფეხბურთელია, რომლის ხილვა საკუთარ გუნდში ყველას სურს. აქამდეც მითქვამს: თუ ეს ტრანსფერი შედგება, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ვფიქრობ, ის „ბარსელონას“ სათამაშო სტილს ძალიან კარგად მოერგება. არ ვიცი, რა ეტაპზე მოლაპარაკებები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ტრანსფერი შედგება“.

ცნობისთვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლამინ იამალის ანგარიშზე 5 შეხვედრაში 1 გოლია. ესპანეთი მეოთხედფინალში ბელგიას შეხვდება. ეს მატჩი 10 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გამიმართლა, რომ შენთან ერთად განვიცადე ეს მომენტები“ - ნანი რონალდუს
„გამიმართლა, რომ შენთან ერთად განვიცადე ეს მომენტები“ - ნანი რონალდუს