კონცენტრაციის პრობლემა აღარ ექნება | სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე
„სენტ-ეტიენის’’ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით, ქართველ ფეხბურთელს კონცენტრაციის პრობლემა აღარ ექნება, რადგან მასთან საუბარი შედგა და ეს პრობლემა მოგვარებულია.
ჰორნელანდს მხედველობაში გასული ზაფხულის პერიოდი აქვს, როცა „სენტ-ეტიენმა'' ქართველი შემტევი არ გაყიდა, ფეხბურთელს კი წასვლა სურდა, მის გეგმებში ლიგა 2-ში თამაში არ შედიოდა, ჩაშლილი ტრანსფერის გამო სათანადო კონცენტრაცია არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ ფორმაში შევიდა და დღეს ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ეირიკ ჰორნელანდი: „ზურიკოს ირგვლივ ამ ზაფხულს დიდი აჟიოტაჟი იყო. შესაძლოა, მან კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ ჩვენ მის ამბიციებზე ვისაუბრეთ და როგორც კი ისევ ფოკუსირდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, კარგი ბიჭია და ძალიან ვაფასებ. იანვარზე არ ვნერვიულობ (ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას გულისხმობს), კონცენტრაციის ვარდნა აღარ ექნება, ეს საკითხი მასთან უკვე მოვაგვარეთ.
ლუკასიც (სტასინი) ანალოგიურ სიტუაციაშია. მის გარშემოც ბევრი საუბარი იყო. ბელგიიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაგრამ რაც დაბრუნდა, ძალიან კარგად მუშაობს. ეს საუკეთესო ლუკასია, რაც კი სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული მინახავს“.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 15 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. თაუფიკ ბენტაიებთან და დამიენ დიურანთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ქართველი ფეხბურთელი „ბეშიქთაშსს'' დაუკავშირეს, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ გასარკვევია, დარჩება „სენტ-ეტიენში'' თუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს, ფეხბურთელის მომავალი ზამთარში გადაწყდება.