ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები მსოფლიოში - ხვიჩა GiveMeSport-ის რჩეულთა სიაშია
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა, Give Me Sport-მა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების თხუთმეტეული გამოაქვეყნა და სიაში ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.
რას წერს Give Me Sport-ი ხვიჩაზე:
„თანამედროვე ფეხბურთში, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, ორი ფეხით მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ-ჟერმენში გადმოსვლისთანავე გუნდის ლიდერად იქცა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას სერია A-ს გიგანტიდან, „ნაპოლიდან“ ტრანსფერის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მყისვე აჩვენა თავისი კლასი. მისი აზროვნებისა და მოძრაობის სისწრაფის საოცარი კომბინაცია ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმ ბრწყინვალე ფორმისა, რომელსაც პარიზელები ლიგა 1-ში აჩვენებენ და რაც საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფით დაგვირგვინდა.“
„განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ასპარეზობა გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ორივე შეხვედრაში - როგორც შინ, ისე სტუმრად - მან მეტოქის განაპირა მცველები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. 24 წლის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, საკვანძო ფიგურა გამოდგა პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის მრავალწლიანი „წყევლის“ დასასრულებლად. მისი ტექნიკური არსენალი და ფინტები მარცხენა ფლანგზე მართლაც სანახაობრივია.“
ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, საუკეთესო 15 მოთამაშეს შორის არიან - ვიტინია, მატეუშ კუნია, რაიან შერკი, ლიონელ მესი, ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი, ნეიმარი, ჯამალ მუსიალა, კილიან მბაპე, უსმან დემბელე, პედრი, კოულ პალმერი, ფლორიან ვირცი და მაიკლ ოლისე.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს