„დაქორწინდეს და ყველაფერი მოგვარდება“ - ფუტრე იამალს ურჩევს
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლამინ იამალის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ბევრი ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელი გამოთქვამს. 18 წლის შემტევის უკანასკნელი ქცევები მოედანს მიღმა არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს. შეკითხვაზე, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ იამალი უფრო სერიოზულ და საქმეზე კონცენტრირებულ მოთამაშედ იქცეს, წარსულში მადრიდის „ატლეტიკოსა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს პაულო ფუტრეს ასეთი პასუხი ჰქონდა:
„დაქორწინდეს და ყველაფერი მოგვარდება. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მისთვისვე იქნება უმჯობესი, რომ ცხოვრების მეგზური რაც შეიძლება მალე იპოვოს. როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, 100 პროცენტით პროფესიონალი ფეხბურთელი სწორედ მაშინ გავხდი. მართალია ახლა ცოლს დაშორებული ვარ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. როდესაც დავქორწინდი, წვეულებებზე აღარ დავდიოდი და გარდა პირადი ცხოვრების, საფეხბურთო კარიერაშიც უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი“.
ცნობისათვის, ლამინ იამალის ანგარიშზე მიმდინარე ლა ლიგაში 6 გოლი და 7 საგოლე პასია, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში თავი 2 ბურთითა და 3 ასისტით გამოიჩინა.