ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

პანტოჟა ოქტაგონს განუსაზღვრელი ვადით ჩამოშორდა

ალეშანდრე პანტოჟა ჯოშუა ვანთან ბრძოლაში მოტეხილობას გადაურჩა, მაგრამ მისი დაბრუნების ვადები პროგნოზს ჯერ არ ექვემდებარება.

ამის შესახებ ბრაზილიელი მებრძოლის მწვრთნელმა, მარკოს პარუპმამ, MMA Fighting-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მხარი წესრიგშია – ეს იყო იდაყვი. ახლა მაქსიმალური პრიორიტეტი პანტოჟას აღდგენას უნდა მივანიჭოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება შემდეგ. მთავარია – მისი ხელის აღდგენა. თუ ოპერაცია იქნება საჭირო, ის გაკეთდება. თუ ოპერაცია საჭირო არ არის და საკმარისია ფიზიოთერაპია, მაშინ ამით დავკავდებით. ჩვენ დღეს ექიმს ვესტუმრეთ და კარგი ამბები მივიღეთ, არაფერია მოტეხილი. ასე რომ, რამდენიმე კვირა დაველოდებით, რათა ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. ჯერ ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენ ხანს იქნება ის უქმად,“

– თქვა ბრაზილიელმა სპეციალისტმა.

ყოფილი ჩემპიონის გუნდში არ გამორიცხავენ, რომ UFC-ის უმსუბუქესი წონის ტიტულის ახალმა მფლობელმა, ჯოშუა ვანმა, ქამრის დაცვა სხვა მებრძოლის წინააღმდეგ სცადოს, რადგან პანტოჟას დაბრუნების ვადები ჯერ უცნობია. თუმცა, როცა ბრაზილიელი სრულად არიდგენს ფორმას, ის სატიტულო ბრძოლას მალევე მიიღებს.

„მათ სურთ, რომ დაუყოვნებლივ რევანში ჩატარდეს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს იქნება პანტოჟა თამაშიდან გამოსული. თუ ეს გონივრული დრო იქნება, ჩვენ დავდებთ ფსონს დაუყოვნებლივ რევანშზე. თუ ეს უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მაშინ დივიზიონი სტაგნაციაში ვერ დარჩება. ჩვენ ეს გვესმის. მთავარია, რომ პანტოჟამ დაბრუნებისთანავე ქამრისთვის იბრძოლოს. ეს სამართლიანია ასეთი დომინანტი ჩემპიონისთვის, არა მხოლოდ ტიტულის დაცვების რაოდენობის გამო, რომელიც მას შაბათამდე ჰქონდა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ მოქმედ ჩემპიონს, არამედ იმიტომაც, რომ მან თავის დივიზიონში ტოპების უმეტესობა დაამარცხა. ვფიქრობ, ის იმსახურებს, რომ პირდაპირ სატიტულო ბრძოლით დაბრუნდეს, იქნება ეს ჯოშუა ვანთან, თუ სხვა ვინმესთან,“

– დასძინა პარუპმამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ალეშანდრე პანტოჟა თავისი ტიტულის მეხუთე დაცვაზე გავიდა, მაგრამ უკვე პირველი რაუნდის 26-ე წამზე ჯოშუა ვანთან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, რადგან დაცემისას იდაყვი ამოიგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები