„კიდევ 1 ბრძოლა და...“ - ჩიმაევს დივიზიონის შეცვლა სურს
ხამზატ ჩიმაევი ტიტულის დაცვასა და დივიზიონის შეცვლას გეგმავს.
UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონს, მომდევნო ბრძოლის შემდეგ, ქვემძიმე წონის დივიზიონში გადასვლა სურს.
„ვინ არის შემდეგი? სულ ერთია. ალექს პერეირასთვის კარგად გადაიხდიან – ეს არის მთავარი. ამიტომ მინდა მასთან ბრძოლა. ჩემს კატეგორიაში ბევრი კარგი მებრძოლია. დიდ ჩეკს ველოდები. მინდა ერთი ბრძოლა ჩავატარო საშუალო წონაში და შემდეგ ავიდე ქვემძიმე დივიზიონში“, – თქვა ჩიმაევმა.
შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა, როდესაც ლიგის ეგიდით გამართულ მეცხრე ბრძოლაში, სამხრეთ აფრიკელი დრიკუს დუ პლესი, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რაც შეეხება პერეირას, 6 ოტომბერს, ალექმა მაგომედ ანკალაევს ნახევარი წლის წინ განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აუღო და ქვემძიმე წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.