„სერია ა-დან კლუბები არ უნდა ვარდებოდნენ“ - დე ლაურენტისის ინიციატივა
„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, რომ სერია ა-ში დამკვიდრებული სისტემა შეცვლას საჭიროებს და გუნდები უმაღლესი დივიზიონიდან სერია ბ-ში არ უნდა ვარდებოდნენ.
„საფეხბურთო ინსტიტუტები დაძველდა და მათ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს, ჩვენ კი, კლუბები, მათთვის უბრალოდ გასაყიდი საქონელი ვართ.
ფეხბურთი არა 3-4 ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს ეკუთვნის. უნდა გამოვიკვლიოთ, რამ გამოიწვია ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები. ჩემი აზრით, სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ.
სერია ა-ში სეზონი უფრო გვიან უნდა დავიწყოთ. თუ კლუბების რაოდენობა შემცირდება, სეზონიც უფრო მალე დასრულდება და სანაკრებო პაუზები კლუბებზე ასე ნეგატიურად აღარ აისახება. გუნდების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი მათი ხარისხია.
გუნდების გავარდნა უნდა გაუქმდეს. თუ გუნდს გავარდნა ემუქრება, მისი მფლობელები ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. NBA-ში ჩაკეტილი სისტემაა და ყველა კლუბი გამდიდრდა“.