ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდი ბირმინგემთან დამარცხდა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-18 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ბირმინგემს“ დაუპირისპირდა. „კრაზანების“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა და „ბირმინგემმა“ საკუთარ კედლებში გამართული შეხვედრა 2:1 მოიგო.
ჩაკვეტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა. გიორგიმ „უოტფორდის“ საგოლე შეტევა წამოიწყო და პრეასისტი მიითვალა. მისი პასის შემდეგ მარკ ბოლამ საგოლე გადაცემა გააკეთა, „ბირმინგემის“ კარი კი ოტმანე მაამამ აიღო, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საერთო ჯამში, „ჩაკვე“ ბურთს 21-ჯერ შეეხო, 16-დან 14 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა და 3-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო. გიორგიმ ერთი სახიფათო მდგომარეობა განმუხტა და ბურთი 4-ჯერ დაკარგა.
ცნობისთვის, „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ საპლეიოფო ზონას 5 ქულით ჩამორჩებიან, გასავარდნ ზონამდე კი 7 ქულა აშორებთ. მათი მომდევნო მეტოქე „ნორვიჩია“, რომელსაც 6 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.