"ლუცერნმა" "ბაზელს" გვილიას გოლით მოუგო
შვეიცარიის სუპერ ლიგის 25-ე ტურში ვაკო გვილიას „ლუცერნმა“ საკუთარ არენაზე ბოლო წლების უცვლელ ჩემპიონ „ბაზელს“ უმასპინძლა და ქართველის ნახევარმცველის გოლით 1:0 დაამარცხა.
გვილიამ შეხვედრის ერთადერთი შედეგიანი დარტყმა 46-ე წუთზე შეასრულა, როცა ფლანგიდან ჩაწოდებულის შემდეგ უკანა ძელი ჩაკეტა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
„ლუცერნმა“ ამ გამარჯვებით 34 ქულა მოაგროვა, მე-5 ადგილი გაიმყარა და „ევროპა ლიგაზე“ გამსვლელი მე-4 ადგილოსან „ციურიხს“ 1 ქულით ჩამორჩება.
23 წლის გვილია „ლუცერნის“ შემადგენლობაში ზამთარში ბორისოვოს „ბატედან“ გადავიდა. მან „ლუცერნის“ ფორმით მე-5 შეხვედრა ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა.