„ყალბი ჩემპიონი მიწოდა და სათანადო პასუხი მიიღო“ - დვალიშვილმა უმარზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან რემატჩისთვის და UFC-ის ყველა დროის რეკორდის დასამყარებლად ემზადება, რაც ერთი წლის განმავლობაში ტიტულის ოთხჯერ დაცვას გულისხმობს, ეს კი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ისტორიაში აქამდე არავის გაუკეთებია. აქედან გამომდინარე „მანქანას“ ძირითადად იანთან დაკავშირებულ შეკითხვებზე უწევს პასუხების გაცემა, თუმცა Low Kick MMA-ს ჟურნალისტმა მას უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რაზეც მერაბისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„არ მომწონს ისეთი მებრძოლები, რომლებიც სოციალურ ქსელში უფრო მეტ საქმეს აკეთებენ, ვიდრე ოქტაგონში. მან მე ყალბი ჩემპიონი მიწოდა, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღო და ნურმაგომედოვთან ყოველგვარი ურთიერთობა და კონტაქტი ამით დავასრულე. შემდეგ შეკითხვაზე გადადით“.
ცნობისათვის, მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგოდოვი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრაში 2025 წლის იანვარში დაუპირისპირდნენ და ქართველმა დაღესტნელი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. როგორც უკვე მოგახსენეთ, დვალიშვილი 7 დეკემბერს გასამართი იანთან ჩხუბისთვის ემზადება, ხოლო უმარის მომდევნო მეტოქე 24 იანვარს, დეივისონ ფიგერედო იქნება.