ვილი სანიოლი
Aa
Aa

“წინა ხაზს გაუმჯობესება ეტყობოდა“ - სანიოლი ესპანეთთან წაგების შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და უშანსოდ 0:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

ვილი სანიოლი:

„ესპანეთი დიდი გუნდია და თუ დაცვაში საუკეთესოდ არ ითამაშებ, წარმატების მიღწევა რთულია. თამაშის შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველ რიგში იმაზე, რომ დაცვაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ვფიქრობ, წინა ხაზს გაუმჯობესება ეტყობოდა. რამდენიმე შანსი შევქმენით. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და შემართებით ითამაშეს. ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, მარტიდან მოყოლებული ხშირად ვსაუბრობთ ამ საკითხზე. დაცვით ხაზში, რამდენიმე მოთამაშემ ამოწურა რესურსი. არ ვფიქრობ, რომ თუ ვინმე ჩემს მაგივრად მოვა, სწრაფად მოახდენს ცვლილებებს. კარგად მიცნობთ. მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ პრობლემებზე. რთულ პერიოდს გავდივართ.

შემიძლია გითხრათ, რომ დაცვითი ხაზის გადახალისებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ამას შევძლებთ. შემდეგი თამაშებისთვის უკეთესად ვიქნებით მზად. რა თქმა უნდა, ბულგარეთთან გარკვეული ცვლილებები იქნება. ვნახოთ როგორ კონდიციებში იქნებიან ფეხბურთელები."

ცნობისთვის, ფურია როხას მხრიდან გოლები ოიარსაბალმა(2), ზუბიმენდიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, 5 ტურის შემდეგ, ჯვაროსნებს 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებენ. შემდეგ ტურში, ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 18 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები