სერბეთმა თამაში შემოგვიტრიალა | 19-წლამდე ნაკრები მეორე მატჩშიც დამარცხდა
ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთმა საქართველოს 3:1 მოუგო.
ანგარიში 36-ე წუთზე თბილისის „დინამო 2’’-ის 18 წლის ნახევარმცველმა საბა ნიორაძემ გახსნა. მე-60 წუთზე 17 წლის ვასილიე კოსტოვმა, რომელიც უკვე „ცრვენა ზვეზდას’’ პირველ გუნდში თამაშობს და ერთხელ ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა, ანგარიში გაათანაბრა.
ცვლილებაზე გამოსულმა უროშ ჯორჯევიჩმა 76-ე წუთზე სერბები დააწინაურა, მე-4 დამატებულ წუთზე ჯორჯევიჩის საგოლე პასს მიხაილო ცვეტკოვიჩის გოლი მოჰყვა. ცვეტკოვიჩი „ანდერლეხტის'' პირველ გუნდში თამაშობს და სერბეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე 2 მატჩი ჩაატარა. მოკლედ, სერბი შემტევი გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ნამდვილად აღემატებოდნენ. სამწუხაროდ, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი არ ყოფილა.
მაისურაძემ სერბებთან შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ყავლაშვილი, კუპრავა (მურვანიძე 57), ხუციშვილი, გოგოლი, ამისულაშვილი, ჩიქოვანი (დოლტმურზიევი 88), გოგილაშვილი (ბართიშვილი 79), რატიანი, დიაკონიძე, ნიორაძე (დანელია 79)
მთავარმა მსაჯმა მოჰამად ასლამიმ ფეხბურთელებს ათი ყვითელი ბარათი აჩვენა, 10-დან 6 ქართველებმა მიიღეს (კუპრავა, რატიანი, ნიორაძე, გოგოლი, დიაკონიძე, ამისულაშვილი).
პირველ ტურში საქართველო ჯგუფის მასპინძელ ხორვატიასთან 0:2 დამარცხდა, სერბეთმა გიბრალტარს 4:0 მოუგო. მეორე ტურში ჩვენ სერბეთთან დავმარცხდით, ხოლო ხორვატიამ გიბრალტარი 8:0 გაანადგურა.
ქართველი ფეხბურთელები ელიტ-რაუნდში მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებენ, 13 ჯგუფია და თუ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ცამეტ მესამეადგილოსანში საუკეთესო იქნება, ელიტ-რაუნდში გავა. ამისთვის ბოლო ტურში გიბრალტარის დიდი ანგარიშით დამარცხებაა საჭირო. 2 ტურში ჩვენმა გუნდმა 1 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა. ამ მომენტში საუკეთესო მესამეადგილოსანი ისლანდიაა, მის ანგარიშზე 3 ქულაა, 5 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა. წინასწარ განსაზღვრა რთულია, რადგან შესაძლოა ისლანდია მეორეზე ან პირველზე გავიდეს. მთავარია ჩვენ დიდი ანგარიშით გავიმარჯვოთ.
მესამე ტურში, 18 ნოემბერს ვასილ მაისურაძის ფეხბურთელები გიბრალტარელებთან ითამაშებენ. ორივე მატჩი 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.