„კონმებოლიდან ექვსი გუნდი უსამართლობაა“ - გატუზოს მარტინესმა უპასუხა
იტალიის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - თუ „სკუადრა აძურა“ შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე ჯგუფის ლიდერ ნორვეგიის ეროვნულ გუნდს ცხრაბურთიანი სხვაობით არ დაამარცხებს, გათამაშებას მეორე ადგილზე დაასრულებს და მუნდიალზე მოხვედრას პლეი ოფის გზით შეეცდება. ალბათ ამით არის გამოწვეული აპენინელების დამრიგებლის ჯენარო გატუზოს კრიტიკა ფიფას მიმართ, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატის გამო უსაყვედურა.
ჯენარო გატუზო
როდესაც მე ვთამაშობდი, შესარჩევში მეორე ადგილიც ფინალური ეტაპის საგზურს იძლეოდა, ახლა კი ყველაფერი შეცვლილია. 1990 და 1994 წლების მუნდიალებზე აფრიკიდან მხოლოდ ორი გუნდი გადიოდა, ახლა კი ცხრა გადის. ან შეხედეთ კონმებოლის ზონას - სამხრეთ ამერიკაში 10 გუნდია, საიდანაც ექვსი პირდაპირ იღებს მსოფლიოს საგზურს და მეშვიდეადგილოსანი პლეი ოფს ოკეანეთის წარმომადგენელთან თამაშობს - ეს სამწუხარო უსამართლობაა. ამ ყველაფრის ფონზე ევროპაში კვოტები სულელურად არის გადანაწილებული და ცვლილებებს აშკარად საჭიროებს.
რინოსთვის პასუხის გაცემა საკუთარ თავზე არგენტინის ნაკრების მეკარემ აიღო და ემილიანო მარტინესმა ასეთი რამ განაცხადა: „თქვენ ევროპელები სველ და მოწესრიგებულ მოედნებზე თამაშობთ და წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს სამხრეთ ამერიკა“.