„სჯობს შენ საქმეს მიხედო“ - რუნიმ ვან დაიკს უპასუხა
ბოლოდროინდელი ცუდი თამაშის გამო, „ლივერპულს“ კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. ბუნებრივია, ფეხბურთელები, მეტადრე კი გუნდის კაპიტანი ამ ყველაფერს მშვიდად უნდა იღებდეს, თუმცა როგორც ჩანს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდის მხრიდან შენიშვნები მერსისაიდელთათვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელია. ამაზე მეტყველებს უეინ რუნის სიტყვებზე ვირჯილ ვან დაიკის რეაქცია, რომელმაც „შრეკზე“ თქვა, რომ საქმის არსში კარგად ვერ ერკვევა და მის საყვედურებს სერიოზულად ვერ მიიღებს. ამ ყველაფერზე კი რუნის პასუხმა არ დააყოვნა და მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩემი ამჟამინდელი მოვალეობა საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაა და მუდამ ვცდილობ გულწრფელი ვიყო. პოდკასტში ვთქვი, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვირჯილ ვან დაიკი მოედანზე შენელებულია, რაც შესაძლოა ცოტა გადაჭარბებულად უარყოფითი შეფასება იყო. თუმცა, სათამაშო კუთხით თუ შევხედავთ, მგონი არავინ შემედავება იმაში თუ ვიტყვი, რომ ნიდერლანდელი ძალიან ცუდ ფორმაშია.
დარწმუნებული ვარ, რომ ის როგორც კაპიტანი თანაგუნდელებს ხშირად ესაუბრება. ეს თავადაც აღნიშნა და თუ მართლაც ესაუბრება, მაშინ ეს ყველაფერი კარგად ვერ გამოსდის, რადგან პრობლემები ისევ ხელის გულზეა. მოქმედი ჩემპიონი ზედიზედ ოთხ ტურში არ უნდა მარცხდებოდეს. თუ ერთხელ წააგებ, გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდება, მაგრამ თუ ზედიზედ ოთხჯერ მოგიგებენ, მაშინ რაღაც წესრიგში არ არის.
ხმაურისა და აჟიოტაჟის ატეხვა ეს ჩვენი, ექსპერტების საქემა. ვან დაიკს კი ვურჩევდი, საკუთარ საქმეს მიხედოს და კონცენტრაცია თამაშის ხარისხის გამოსწორებაზე მოახდინოს. მე რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყო, ვირჯილს დავაკვირდებოდი, როგორ რეაგირებს კრიტიკაზე და ამ დროს ის რა მაგალითს იძლევა?!“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“, რომლის კარსაც ბოლო პერიოდში რეგულარულად გიორგი მამარდაშვილი იცავს და რომ არა ის, კლუბი კიდევ ბევრ გოლს გაუშვებდა, 11 ტურში დაგროვებული 18 ქულით მერვე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ უკვე 8 ქულით ჩამორჩება.