რონალდუ: გოლების გატანა ფეხბურთში ყველაზე რთულია
„ალ ნასრის“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის წინ, ირლანდიის გუნდის წინააღმდეგ, თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტაციის შესახებ ილაპარაკა.
კითხვაზე, გოლების გატანა უფრო გამარტივდა თუ გართულდა, კრიშტიანუმ ასე უპასუხა:
„ჩემი აზრით, გოლების გატანა ფეხბურთში ყველაზე რთული რამ არის. მე შევძელი თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტაცია, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებთან, კლუბების, ნაკრებების და ლიგების თავისებურებებთან. ჭკვიანი მოთამაშე ადაპტირდება. მე ასე ვფიქრობ და მომავალშიც ასე ვიფიქრებ. ფეხბურთი უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო. არც ისეთი, როგორიც ერთი წლის წინ იყო. მაგრამ მუშაობა იგივე უნდა იყოს: ზოგიერთ ასპექტში შეიძლება ძალა მოიპოვო, ზოგიერთში კი - დაკარგო“.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის რონალდუს კარიერაში 953 ოფიციალური გოლი დაუგროვდა. გეტყვით ასევე, რომ კრიშტიანუ „ალ ნასრის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 2027 წლამდეა გათვლილი.