„საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია“ - ინტერვიუ კოტე ტუღუშთან
კოტე ტუღუში კალათბურთის ქართველ მწვრთნელებს შორის უკანასკნელ წლებში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. მისი ხელმძღვანელობით „ქუთაისი 2010“ რეგულარულად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და დაარსებიდან მოყოლებული საქართველოს ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, თანაც ყველა შემთხვევაში კლუბს სათავეში სწორედ ტუღუში ედგა. Crystalsport-თან ინტერვიუში იმერეთის გუნდის დამრიგებელმა როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო თემებზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.
კოტე ტუღუში
2025 ქართული კალათბურთისთვის ცალსახად წარმატებული წელი იყო. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი ვაჩვენეთ და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. წლის ბოლოს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის ორ შესარჩევ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგებით კი, კმაყოფილი ვერანაირად ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს გარდაუვალი გახლდათ ერთი მხრივ თაობათა ცვლიდან და მეორე მხრივ NBA-ს კალათბურთელების არყოფნიდან გამომდინარე.
ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს პლანეტის პირველობაზე კიდევ ერთხელ გასვლის რესურსი გააჩნია და შესაბამისად, თუ ყველა მოთამაშე ჯანმრთელად გვეყოლება, თებერვალში დანიელებთან ორივე მატჩში გამარჯვება სრულიად შესაძლებელია. ივლისში კი იმედია უკვე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილიც შეუერთდებიან ნაკრებს და შესარჩევის პირველ ეტაპს სასურველი შედეგით დავასრულებთ.
რაც შეეხება ქართულ საკლუბო კალათბურთს, სუპერლიგა წლიდან წლამდე ვითარდება, რაც ფედერაციისა და კლუბების სწორი მუშაობის შედეგია. პროგრესს ხელს უწყობს საქართველოს ჩემპიონის რეგულარული ასპარეზობა ევროთასზე. ძალიან გვინდოდა წელს შარშანდელი რეზულტატი გაგვეუმჯობესებინა, თუმცა კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, ჩვენს ჯგუფში ტურნირის ორი ფავორიტი მოხვდა და შეიძლება ითქვას რომ თავიდანვე განწირულები ვიყავით.
ცნობისათვის, კოტე ტუღუშის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 14 შეხვედრაში (94 წუთი) 33 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტია. ის მოთამაშის ამპლუაში ქვეყნის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა და ეროვნული პირველობის ერთი უნიკალური მიღწევის ავტორია - ერთ-ერთ მატჩში ტუღუშმა თერთმეტიდან თერთმეტივე სამქულიანი ჩააგდო.