მამუკელაშვილის 13 ქულა გოლდენ სტეიტთან | ტორონტომ ოვერტაიმში მოიგო
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 122:122 დასრულდა და კანადელებმა ოვერტაიმში იმარჯვეს, რომელშიც „უორიორსზე“ 14 ქულით მეტი ჩააგდეს — 141:127.
მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. სანდრომ პარკეტზე 21 წუთი და 48 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 6 ბურთი ჩააგდო (4-დან 1 სამიანი, 7-დან 5 ორიანი), 2 მოხსნა შეტევაში ჰქონდა და ორჯერ დაჯარიმდა.
„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იმანუელ ქუიკლი იყო — 27 ქულა. ბრენდონ ინგრემმა 26 ქულა მიითვალა, ხოლო სკოტი ბარნსმა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი შეასრულა — 23 ქულა, 25 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა. „გოლდენ სტეიტში“ საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ — 39 ქულა. დრეიმონდ გრინმა 21 ქულა ჩააგდო, ჯიმი ბატლერმა კი — 16.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ 19 მოგება და 14 წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 30 დეკემბერს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგ გამართავს.