„დერბიში გამარჯვება საუკეთესო საჩუქარი იქნება“ - შერმადინი გრან კანარიასთან მატჩის წინ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ „გრან კანარიას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა დერბის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გრან კანარია“ კარგი გუნდია, ამიტომ რთულ თამაშს ველოდებით. დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. კარგია, რომ სახლში ვითამაშებთ, მაგრამ რთული მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები დარბაზს გაავსებენ და თუ მოვიგებთ, ეს მათთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.
„გრან კანარიამ“ მიმდინარე სეზონში არაერთხელ აჩვენა, რომ მათ წინააღმდეგ თამაში იოლი არაა. სეზონის სტარტზე მათ პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან კარგად თამაშობენ“.
ცნობისთვის, ტენერიფე-გრან კანარიას მატჩი 28 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის შერმადინის გუნდი 8 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა.
რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ის ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 14 ქულას, 5,5 მოხსნას და 1,4 შედეგიან გადაცემას აგროვებს.